EN

საკნების ქალაქი

left arrow

2009

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2009 წლის 9 აპრილი – 24 ივლისი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც ისევ მიხეილ სააკაშვილი დარჩა პრეზიდენტად

ლიდერები

სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, გოგა ხაინდრავა, გია გაჩეჩილაძე, ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი

მთავარი მოთხოვნა

პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლება

პროტესტის ადრესატი

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ლოზუნგები

გადადგეს სააკაშვილი!

შეძახილები

მიშა, მოვედით!

მიშა, წადი!

ვიზუალური ელემენტები

საკნები

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2009 ფართომასშტაბიანი პროტესტის წელი იყო. სწორედ ამ წლის გაზაფხულზე ჩადგეს მომიტინგეებმა საკნების მსგავსი კონსტრუქციები ქალაქის ქუჩებში, რომელსაც მედიამ საკნების ქალაქი უწოდა.

პროტესტი 2009 წლის წლის 9 აპრილს დაიწყო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა გამართეს ფართომასშტაბიანი აქცია პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. აქციისთვის მზადება 13-მა ოპოზიციურმა პარტიამ 27 მარტს დაიწყო და „ერთობის მანიფესტი“ შეიმუშავა, რადგან ფიქრობდნენ, ხელისუფლებამ სახელმწიფოს განვითარება ჩიხში შეიყვანა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი გამწვავდა, კერძო საკუთრების ხელყოფა ხდებოდა, სასამართლო დაკნინებული იყო, „ბოლოს კი, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ დაგეგმილ და ინიცირებულ სამხედრო პროვოკაციაში ჩართვამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გარდა, უიმედობა და ნიჰილიზმი გააღვივა“.

მანიფესტს უერთდებოდნენ: „ალიანსი საქართველოსთვის“ (ირაკლი ალასანია); „რესპუბლიკელები“; „ახალი მემარჯვენეები“; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე); „საქართველოს გზა“; „კონსერვატიული პარტია“; „ხალხის პარტია“; „ტრადიციონალისტთა კავშირი“; „მომავლის პარტია“; „ქალთა პარტია“; „მრეწველთა პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი“. ასევე, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იყო. მათ ხელმოწერით დაადასტურეს, რომ გამართავდნენ მშვიდობიან აქციას და იმოქმედებდნენ შეთანხმებულად. ლიდერებმა ამ აქციისთვის შეხვედრები გამართეს: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. 

აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 31 მარტს, მმართველმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რადიკალ ოპოზიციონერებს“ დიალოგი შესთავაზა: ხალხისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური რეფორმა. 1 აპრილს ოპოზიციამ შეთავაზებას „არაადეკვატური“ უწოდა და პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აღიქვა. ხელისუფლებამ ეს დიალოგი მაინც დაიწყო, თუმცა არა პროტესტში მონაწილე პარტიებთან.

9 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის 24 საათი მისცეს. აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტის წინ გაატარეს. როგორც სახალხო დამცველი იუწყებოდა, იმ ღამით ორი ინციდენტი მოხდა, მოძრაობის „რატომ?“ წევრებს, რომლებიც გვიან საღამოს აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, გზა გადაუჭრა ჯიპის ტიპის სამმა ავტომობილმა და მანქანიდან გადმოსულმა  ნიღბიანმა პირებმა ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, გააფრთხილეს „აქციაზე აღარ წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ“.

აქციის მეორე დღეს, როცა ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გამოსაცხადებლად ემზადებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოვიდა.  

ოპოზიციის მოთხოვნა არ შესრულდა. 14 აპრილიდან კი პროტესტის გამოსახატად რკინის „საკნები“ და კარვები გაიშალა თბილისში რამდენიმე ადგილზე: პარლამენტის შენობის წინ, ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, კოსტავას ქუჩაზე. რამდენიმე დღეში საკნები დაიდგა თბილისის მერიასთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, მოგვიანებით კი ზუგდიდში. ჯამში ათობით საკანი.

საკნების დადგმის იდეა გია გაჩეჩილაძეს („უცნობს“), 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის ძმას ეკუთვნოდა. მან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროზე“ დაიწყო გადაცემა „საკანი #5“ (#5 ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი იყო). საპროტესტო მუხტი ამ გადაცემამ მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ოპოზიცია უკმაყოფილო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აქციების გაშუქებით და მოთხოვნებს არხის დირექტორის, ლევან ყუბანეიშვილის გადადგომა დაემატა. უკმაყოფილებას იზიარებდნენ სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი. 9 წევრიანი საბჭოს სამმა მეურვემ  ირმა სოხაძემ, მარინა ვეკუამ და გიორგი ანჩაბაძემ 23 აპრილს თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა მათ მეორე დღეს  შეუერთდა კიდევ ერთი მეურვე მიხეილ ჭიაურელი. აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის თანამშრომლებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს. 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის მუქარის შემცველი წერილის გაგზავნისთვის დააკავეს. ის საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

28 აპრილს ლევან გაჩეჩილაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, მომდევნო დღიდან რუსთაველის გამზირზე შეგროვებული ნაგავი მერიის წინ მიეტანათ, ასე გადაეკეტათ გზა და არ გადაეხადათ დასუფთავების გადასახადი.

პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა დროს რამდენიმე წუთით გადაკეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდებარე კახეთის გზატკეცილი, მტკვრის ორივე სანაპირო, რკინიგზა.  

6 მაისს გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) მოწოდებით გაიმართა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან თბილისის პოლიციის სამმართველომდე, სადაც ინციდენტი მოხდა. იქ მოითხოვდნენ სამი მოქალაქის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით „ხულიგნობისთვის“ დააკავა.

პოლიციასთან გია გაჩეჩილაძე რკინის გალავანზე ავიდა და ეზოში მოულოდნელად გადახტა. მისი თქმით, პოლიციამ სცემა, მათ შორის ხელკეტებით. როცა პოლიციელებს შორის „უცნობი“ აღარ ჩანდა, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რკინის ჯებირების რყევა და პოლიციელების შეურაცხყოფა. ამ დროს გამოჩნდა ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმი და დაიკავა ღობის გასწვრივ სივრცე. მომიტინგეები სკანდირებდნენ პრეზიდენტის სახელს – „მიშა, მიშას“.

იქ არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის აქციის ლიდერები და ჟურნალისტებიც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ორ მომიტინგეს თვალში ტყვია მოხვდა და მხედველობა დაკარგეს. სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ პოლიცია ისროდა ქვებსაც. აქციაზე პოლიციას არავინ დაუკავებია. გვიან ღამით კი რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისის მთავარი სამმართველოდან რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა.

აქციები იმართებოდა რეგიონებშიც. 21 მაისს თბილისში ორივე სანაპირო გადაკეტეს და ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე.

საპროტესტო მუხტი გაზარდა იმანაც, რომ 26 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციამდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია „მაესტროს“ შესასვლელთან აფეთქება მოხდა. ამ დროს ეთერში გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა „საკანი #5“ გადიოდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩაიმსხვრა შენობის შუშები, დაზიანდა რკინის კარიც.

რეგიონებში ოპოზიციონერების მობილიზებისთვის დაწყებულმა კამპანიამ 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ათიათასობით ადამიანი შეკრიბა. ოპოზიციიდან ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე ამბობდა, რომ ხალხი სტადიონზე ვეღარ ეტეოდა. 

14:00 საათზე იქ მივიდა „უცნობი“, რომელსაც მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ და სტადიონის გარშემო ხელში აყვანილი შემოატარეს. ლევან გაჩეჩილაძის მოწოდებით, დემონსტრანტებმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს, რადგან ელოდნენ, რომ პატრიარქი მომიტინგეებს მიმართავდა. სამების ტაძარში მივიდნენ ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა და ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც შედგა ხანმოკლე შეხვედრა გიორგი გაჩეჩილაძესთან. ამ მოვლენებს თან ახლდა პატრიარქის განცხადება, რომელმაც მიანიშნა, რომ ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერებმა და ასევე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადეს, რომ პატრიარქი შეაშინეს და სხვა განცხადება გააკეთებინეს.

სამების ტაძრიდან მომიტინგეები პარლამენტის წინ მივიდნენ. უფრო გვიან აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე რკინიგზის ყველა სალიანდაგო ხაზი გადაკეტეს, გვიან ღამით აქციის მონაწილეებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ მათ პარლამენტისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამ დღეს.

საქართველოს პატრიარქთან ძმები გაჩეჩილაძეები და ნინო ბურჯანაძე მეორე დღესაც მივიდნენ. თუმცა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციური პარტიები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ეროვნულმა ფორუმმა, რომლის წარმომადგენლები ისხდნენ საკნებში ძირითადად, გადაწყვიტა აქტივისტები გამოეყვანა საკნებიდან და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმით გაეგრძელებინა კამპანია რეგიონებში.

პროტესტის დაწყებიდან 50-ზე მეტი დღის გასვლის შემდეგ 2009 წლის 1 ივნისს  თბილისის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციამ საკნები აიღო და საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. თუმცა საკნები მაინც რჩებოდა რუსთაველის გამზირსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 

აქციების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს  9 ივნისს მაინც შეხვდა მიუხედავად იმისა, რომ არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც შემდეგ გაჩეჩილაძემ თქვა, პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ შესაძლებელი იყო სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული აქტივისტების საქმეების გადახედვა. მეორე დღეს პრეზიდენტმა ოპოზიციონერ ლიდერებს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილის თანამდებობები და უშიშროების საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეყვანა შესთავაზა.

15 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან, 18 ივნისს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტოდ დადგმული საკნები დაარბიეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა აქციის ხუთი მონაწილეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს „ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა საკუთარი ინიციატივით“. 

10 ივლისს ლევან გაჩეჩილაძემ თავის ძმასთან, გია გაჩეჩილაძესთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაწევრიანდნენ. 

საპროტესტო აქციებს და სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებს, საპარლამენტო უმრავლესობამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი საკანონმდებლო შეზღუდვებით უპასუხა. პარლამენტმა 17 ივლისს მიღებული კანონით აკრძალა გზის გადაკეტვა ნებისმიერი ფორმით, თუ ეს აქციაზე მყოფი ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე არ გახდებოდა საჭირო.

კანონი ჯერ მიღებული არ იყო, როცა  13 ივლისს ოპოზიციონერმა ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკნების აღების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „ამოწურა თავისი დრო“.  მომიტინგეთა ერთი მოთხოვნა 20 ივლისს შესრულდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი გადადგა. 

მალევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 22 ივლისს  საქართველოში ჩამოვიდოდა. ამ ვიზიტის წინ ახალი კანონის საფუძველზე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გაშლილი საკნები ტროტუარზე გადაიტანა, 24 ივლისს კი 15-კვირიანი წყვეტის შემდეგ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. აქციები, 24 ივლისს, დაწყებიდან 107 დღეში დასრულდა. პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ „ეს არ არის ბრძოლის დასასრული“.  ამბობდნენ, რომ პროტესტს შემოდგომიდან განაახლებდნენ,  თუმცა, კონკრეტულ გეგმას ვერ ასახელებდნენ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციებს აპირებდნენ. შემოდგომიდან აქციები აღარ განახლებულა. 

”ჩვენ გვჭირდება ძალების და რესურსების აღდგენა; ჩვენ მოთხოვნებზე უარს არ ვამბობთ… ჩვენ აღვიდგენთ ძალებს და ხელახლა დავიწყებთ,” – განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს აქციის ბოლო დღეს, 24 ივლისს.

Media

საკნები რუსთაველის გამზირზე

საკნები რუსთაველის გამზირზე

ფოტო: ივანე გოლიაძე

საკნების თავისუფლების მოედანზე

საკნების თავისუფლების მოედანზე

ფოტო: ივანე გოლიაძე

ეკა ბესელია, გია კორკოტაშვილი, 2009 წელი

ეკა ბესელია, გია კორკოტაშვილი, 2009 წელი

ფოტო: ივანე გოლიაძე

წარწერა კედელზე, 2009 წელი

წარწერა კედელზე, 2009 წელი

ფოტო: ივანე გოლიაძე

მომიტინგეები უყურებენ ტელევიზორს 2009 წელი

მომიტინგეები უყურებენ ტელევიზორს 2009 წელი

ფოტო: ივანე გოლიაძე