2019 წლის 6 იანვარი
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია
რუსთავი-თბილისის მარშუტზე მგზავრობის საფასური გაიზარდა
მოქალაქეები
შენარჩუნდეს ძველი ტარიფი
რუსთავის მერია
2 თებერვლამდე ძველი ტარიფი შენარჩუნდა
2019 წლის 6 იანვარს დაახლოებით 40-მა ადამიანმა რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირების გამო. აქციის მონაწილეებმა პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსთავის მერიას, რომელსაც კომპანია „ინტერტრანსთან“ 15-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა. შეკრებილებს შეხვდა რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა. მან, აქციის მონაწილეების თხოვნით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების – 2 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად ჩამოხსნა და ძველი ტარიფი – 1,50 ლარი გააკრა.
თუმცა მძღოლებმა თქვეს,, რომ მერის ეს ქმედება მათთვის არაფერს ნიშნავდა და მგზავრობის ღირებულებას ორ ლარამდე მაინც გააძვირებდნენ. თუ მგზავრები ამ თანხას არ გადაიხდიდნენ, გაფიცვას აპირებდნენ.
გვიან ღამით ისინი შეხვდნენ მერს და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელშიც შევიდოდნენ თავად მძღოლები, “ინტერტრანსის” ხელმძღვანელები, რუსთავის თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. “გარდა ამისა, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ უნდა მოგვცეს ახალი დასკვნა, თუ რამდენი უღირს კომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა”, – თქვა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.
10 იანვარს საკრებულოს სხდომას ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრო. ამ შეხვედრაზე მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყდა.
სხდომაზე „ინტერტრანსის“ დირექტორმა, ალექსანდრე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძველ ტარიფს 2 თებერვლამდე დატოვებდნენ. ამ დროისთვის ელოდნენ, რომ კომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნებოდა.
რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ინტერტრანსს“ მგზავრების ბილეთების საკითხი მოგვარებული არ ჰქონდა. ამიტომაც კომისიას გაუჭირდებოდა იმის დადგენა, რეალურად, რა თანხა შესდიოდა კომპანიას მგზავრების მომსახურებიდან.სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 4 თვის შემდეგ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხარჯების გათვალისწინებით ფასი 1.8 ლარს უნდა შეადგენდეს. საბოლოოდ მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1.8 ლარი გახდა.