2011 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში გაიფიცა ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიანსტილსის” კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის, “ჰერკულესის” ასამდე თანამშრომელი, რამდენიმემ კი შიმშილობა დაიწყო. პროფკავშირული საქმიანობისთვის სამსახურიდან დათხოვნილთა დაბრუნებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით, მანამდე, 2 სექტემბერს, მუშებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს, რასაც, მათივე განცხადებით, საწარმოდან კიდევ რამდენიმე ადამიანის დათხოვნა მოჰყვა. პროფკავშირების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოშიმშილეებს პოლიციამ კარავი დაუშალა და რამდენიმე ხნის შემდეგ დაზიანებული დაუბრუნა. სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, აქციას შეუერთდნენ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნიც, რომელთა განცხადებით, საწარმოს მილი ფილტრის გარეშე მუშაობდა და კვამლი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებოდა.
ქარხნის პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოში საქართველოს 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე იყო დასაქმებული, მათ უმძიმესი სამუშაო პირობები ჰქონდათ.
15 სექტემბერს მოშიმშილეები პოლიციამ დააკავა და აქცია დაშალა. პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ ოთხივე მოშიმშილე – გოჩა დარჯანია, რამაზ გოგიავა, კახა ცერცვაძე და იუზა კახიძე. აქციის დაშლისას, გაფიცული თანამშრომლები გაქცევისას აიყვანეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯამში 40-მდე ადამიანი დააკავეს. საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს ავტომობილი, სადაც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიცია ქარხნის ადმინისტრაციამ გამოიძახა იმიტომ, რომ გაფიცულები დაპირისპირებას აღვივებდნენ თანამშრომელთა იმ ნაწილში, რომლებმაც უარი თქვეს გაფიცვას შეერთებოდნენ. დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებაში მათ დააწერინეს ხელწერილები, რომ გაფიცვებსა და აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ შეაფერხებდნენ მეტალურგიული ქარხნის მუშაობას.
18 სექტემბერს პოლიციამ სამი მუშა დააპატიმრა, რომლებიც „აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის თაობაზე სასამართლო სარჩელების მომზადების საკითხში“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირმა.
სამივე მათგანს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, წინ უძღოდა მათ მიერ ნარკოტესტის ჩატარებაზე უარის თქმა; ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს ისინი დამნაშავეებად სცნო და ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
22 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია ჯერ კომპანია “ევრაზიანსტილსის” თბილისის ოფისთან გამართა. 26 ოქტომბერს კი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. „ჰერკულესი – მონობის სათავე!“, „სოლიდარობა მეტალურგებს!, „აღადგინე უკანონოდ განთავისუფლებულები!“ – ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტებით შეიარაღებული აქტივისტები სამინისტროს შენობის კიბეებზე განლაგდნენ.
26 სექტემბერს აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ქარხნის ხელმძღვანელობის პოზიცია ერთ-ერთმა დირექტორმა, რობერტ ტომარაძემ გაახმოვანა. მან მუშების ყველა მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა. ია.