EN

ქერეს მაცხოვრებლების აქცია

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 27 იანვარი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ქერეს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ ჰქონდა

ლიდერები/ორგანიზატორი

ქერეს მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

სოფელ ქერეს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭოს

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირდნენ რომ სტატუსის მინიჭების საკითხი მალე დადებითად გადაწყდებოდა

2020 წლის 27 იანვარს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობამ მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 

ამ სტატუსის მიღებას ისინი 2018 წელსაც ითხოვდნენ აქციის გამართვით, რადგან ქერეს მეზობელ სოფლებს ეს სტატუსი უკვე ჰქონდათ. სხვადასხვა მონაცემით, ქერე ზღვის დონიდან 800-დან 1030 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დასახლების სიმაღლე კი განმსაზღვრელია ამ სტატუსის მოსაპოვებლად.

2020 წელს გამართულ აქციაზე ქერელები სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოსთან შეიკრიბნენ, რადგან ჟურნალისტებს სამართალდამცველები სოფელში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვდნენ. 

მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მათ სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდათ. „მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული წესის მიხედვით, ამ სტატუსის მქონე დასახლებათა მაცხოვრებლები საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობდნენ. მეწარმე სუბიექტები კი გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ. ეს საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან რეგიონებში კანონის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

ქერელები ჩიოდნენ მოუწესრიგებელ გზებზე, და წყლის სისტემის გაუმართაობაზე, ასევე, საბავშვო ბაღის აშენებას და სკოლის შენობის გარემონტებას  მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ქერელებს უთხრეს, რომ 2020 წელს სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდებოდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი კი მალე დადებითად გადაწყდებოდა. 

საბოლოოდ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის მაისში  წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, გამყოფ ხაზთან მდებარე გორის 11 სოფელს მიანიჭებდნენ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს. მათ შორის იყო ქერეც.