2014 წლის 21 ოქტომბერს საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “ქალების ხმა“, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი ქმრის მიერ კიდევ ერთი ქალის მკვლელობის ფაქტი გახმაურდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა და 23 ქალის მკვლელობა მთავრობის კანცელარიის წინ თავმოყრილმა ხალხმა პირის აკვრითა და თვალების ახვევით, ჯამ-ჭურჭლის ხმაურის ფონზე გააპროტესტა. „ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას! მედიას! საზოგადოებას! მოდით, რომ მხარში დავუდგეთ, გავაძლიეროთ და დავიცვათ ქალები! ჩარევა აუცილებელია!“ – ასეთი იყო საპროტესტო აქცია-პერფორმანსის მთავარი გზავნილი.
„ჩვენ ვხმაურობდით იმ ხელსაწყოებით, რაც ერთადერთი რამაა, რასაც გვაძლევენ ამ საზოგადოებაში, და ეს ერთადერთი პოზიციაა სამზარეულოში, რომელსაც არ გვართმევენ და, საბოლოოდ, აქვე დავტოვეთ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ქალები, უნდა გამოვიდეთ ამ პოზიციიდან და მდგომარეობიდან“, – ამბობდა აქციის მონაწილე სოფიო კოლასონია. შეკრებილები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებდა.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა აკრული პირი გაითავისუფლეს და თვალებიდან სახვევები მოიხსნეს, ხოლო სამზარეულოს ნივთები კანცელარიის შესასვლელთან დააწყვეს.
21 ოქტომბერს ქალთა მიმართ ძალადობას და ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც ხელისუფლებას რამდენიმე მკაფიო რეკომენდაციით მიმართა:
„მოვითხოვთ, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენცია და პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრები მათგან იმ ანგარიშის მოსასმენად, თუ რას გეგმავენ ამ პრობლემის გადასაჭრელად“.
ცნობილი გახდა ისიც, რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებდა.