2019 წლის 31 აგვისტო- 16 ოქტომბერი
რეგიონი
გარემო
აქცია
ქალაქში უსიამოვნო სუნი იდგა
პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო”
ქალაქში აღარ იდგეს უსიამოვნო სუნი
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა
მერმა შეკრებილებს უთხრა, რომ მეურნეობის ხელმძღვანელთა დაპირებით, კომპოსტის წარმოებას თანამედროვე ტექნიკით შეეცდებოდნენ, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა უსიამოვნო სუნის გამოყოფას.
რადიო თავისუფლების ცნობით, უსიამოვნო სუნით შეწუხებულმა რუსთაველებმა, “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით, 2019 წლის 16 ოქტომბერს რუსთავის მერიის წინ გამართეს აქცია. აქციის მონაწილენი ამტკიცებდნენ, რომ თბილისის მხრიდან, სოკოს სასათბურე მეურნეობიდან, რუსთავის მიკრორაიონებში პერიოდულად ვრცელდებოდა „ლეშის სუნი“ .
30-კაციან საპროტესტო შეკრებაზე მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები: „სუფთა ჰაერი რუსთავს!“ „სიმყრალე გვკლავს!“ „როდემდე?!“ „ეზოში ბავშვებს ვერ ვუშვებთ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ვიწამლებით“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილენი.
ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა იმავე პრობლემის გადასაწყვეტად მერიის წინ აქცია გამართეს რუსთაველებმა. გაცილებით მცირე ჯგუფი მანამდე 31 აგვისტოს გამოვიდა.
ოქტომბერში კი, მერიასთან შეკრებამდე, მყრალი სუნით შეწუხებული მიკრორაიონების მაცხოვრებლები რუსთავიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ სოკოს სასათბურე მეურნეობის „თეთრი ქუდის“ მთავარ შესასვლელთან მივიდნენ.
მერიასთან მისულებმა უსიამოვნო სუნის გავრცელებაში პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დააკისრეს და კონკრეტული პასუხის მიღება ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუასგან მოითხოვეს.
მერი მათ რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა და უთხრა, რომ მერიის კომპეტენციას სცილდებოდა გარემოზე ზედამხედველობა, მაგრამ მერიის მცდელობით, გარემოს დაცვის ინსპექტორები 15 ოქტომბერს სოკოს მწარმოებელ სასათბურე მეურნეობაში შევიდნენ და მისი შემოწმება დაიწყეს.
როგორც რუსთავის მერმა თქვა, სამი კვირით ადრე, მერიის მოთხოვნით, მეურნეობაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ „მძაღე“ სუნი კომპოსტის მომზადების დროს წარმოიშობა და იქიდან ქალაქში ვრცელდება.
ნიადაგს ქათმის სკორეს, ტორფისა და ნამჯის შერევით ამზადებენ. ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს კონკრეტულად ვერაფერი უთხრა, თუმცა გადასცა მეურნეობის ხელმძღვანელთა დაპირება, რომ კომპოსტის წარმოებას თანამედროვე ტექნიკით შეეცდებოდნენ, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა უსიამოვნო სუნის გამოყოფას.
გარემოს დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ფილიალის მთავარმა ინსპექტორმა ვასილ დათიკიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოკოს ნიადაგს პრაქტიკულად ღია სივრცეში ამზადებდნენ, რაც საკუთარი თვალით იხილა. ვასილ დათიკიშვილმა დასძინა, რომ გარემოს დაცვის დეპარტამენტი კვლევის შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებდა და ამის მიხედვით გადაწყდებოდა, რა სახის სანქციები დაეწესებინათ მეურნეობის წინააღმდეგ.
16.10.2016 ფოტო: დავით მჭედლიძე, რადიო თავისუფლება