2019 წლის 24 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია, შიმშილობა
შახტები დახურული იყო, მეშახტეები ხელფასს ვერ იღებდნენ.
ტყიბულელი მეშახტეები
აღდგეს შახტებში მუშაობა და დაიფაროს სახელფასო დავალიანება
საქნახშირი, ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრი პროტესტის მონაწილეებს დაპირდა, რომ დავალიანებაც დაიფარებოდა და სამუშაოებიც აღდგებოდა.
2019 წლის 24 სექტემბერს ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. ისინი შახტების ამუშავებას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ. კომპანია „საქნახშირის“ შახტებში დასაქმებული ათასამდე ადამიანის მიმართ მიმდინარე სახელფასო დავალიანება მილიონ ლარამდე იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ შახტებში ქვანახშირის მოპოვება 2018 წლის ზაფხულში შეწყდა მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, მინდელის შახტში 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე, 5 აპრილს, ამავე შახტში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.
„საქნახშირის“ განცხადებით, ამის შემდეგ კომპანიის და სახელმწიფოს თანადგომით, უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება და მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, მაგრამ, იმავე განცხადების მიხედვით, შემდეგ „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა.
მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი ელდარ ჩაფიძე ამბობდა, რომ ექსპერტების დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა რთული არ იყო და შახტებში სარემონტო სამუშაოებიც უკვე ჩატარებული იყო.
ტყიბულელი მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს დაჰპირდა, რომ მოლაპარაკებების შედეგის შესახებ ინფორმაციას მათ თვის ბოლოსთვის მიაწვდიდა. ამ დაპირების მიუხედავად, 40-მდე მეშახტემ 24 სექტემბრის ღამე შახტებში გაატარა და შიმშილობა გამოაცხადა. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე ამოსვლას არ აპირებდნენ.
მეორე დღეს მეშახტეები ტყიბულის ცენტრში შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციას ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, სამუშაოს გამო ბევრმა მათგანმა ტყიბულში ჩასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ყველა მაღაროელი იზიარებდა პროტესტის სულისკვეთებას. ჭიათურელმა მაღაროელებმა და სხვა მრეწველობაში დასაქმებულებმა ვიდეომიმართვაც გაავრცელეს და ასე გამოუცხადეს ტყიბულელებს სოლიდარობა. პროტესტს შეუერთდნენ ქალაქის მაცხოვრებლებიც. მათ შორის იყვნენ აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები, მაღაზიების მეპატრონენი და სხვები.
ქალაქის ცენტრში შეკრებილები იმ დღეს დაიშალნენ, თუმცა 40-მდე მეშახტე ისევ შახტში რჩებოდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობდა.
26 სექტემბერს ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩავიდა. ის მეშახტეებს დაჰპირდა, რომ ხელფასებს რამდენიმე დღეში მიიღებდნენ, შახტი მუშაობას კი ერთ თვეში განაახლებდა. ამ დაპირების მიღების შემდეგ პროტესტი შეწყდა.იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ “საქნახშირმა” ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეწყვიტა, ბაზრიდან გავიდა და ის ახალმა ინვესტორმა Steel International Trade Company ჩაანაცვლა.