2019 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 22 ოქტომბრამდე
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია
ოჯახები ქოხებსა და ბარაკებში ცხოვრობდნენ
“ოცნების ქალაქის” მაცხოვრებლები, მარინა ბერიძე
“საკუთრებაში გადაეცეთ საცხოვრებელი ბინები,
დადგინდეს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც “”ოცნების ქალაქის”” მაცხოვრებლები ბინებს მიიღებენ”
აჭარის მთავრობა
600-მდე ოჯახს გადაეცა ბინა
ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ბატალიონების ტერიტორიაზე, ხის და მუყაოს ნაგებობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. აქ საცხოვრებელი თვითნებურად მოიწყვეს იმ ოჯახებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძველი კარ-მიდამოდან აყრა სტიქიის გამო მოუხდათ და წასასვლელი აღარსად ჰქონდათ. აქაურობას „მუყაოს ქალაქი” და „ოცნების ქალაქი“ შეარქვა ხალხმა, რადგან ამ დაუგეგმავად გაჩენილი უბნის მობინადრეებს სჯეროდათ, რომ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და შეძლებდნენ ცხოვრების ღირსეულ პირობებში გაგრძელებას. თანდათან ხის და მუყაოს ნაგებობები უფრო მყარად ნაგები შენობებით ჩანაცვლდა, მოსახლეობაც წლიდან წლამდე გამრავლდა.
ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო, რადგან მათთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გეგმავდა. იმავე წლის მაისისთვის „ოცნების ქალაქში“ აღრიცხული 1551 ოჯახი ჰყავდათ.
2019 წლის 29 სექტემბერს „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რადგან მათთვის გადასაცემი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გაჭიანურდა. მეორე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პროექტირება დასრულებული იყო და მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდებოდა. აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებდა, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. კორპუსების მშენებლობის დასრულებამდე „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა საბაზისო საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.
„სამანქანე გზებზე საშინელი მდგომარეობაა, ოთახებში შეუვიდა მოსახლეობას წყალი, ელექტროსადენები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ გამოიცვალა, 12 ქოხი დაიწვა უკვე და, ალბათ, 22 კიდევ დაიწვება. საჭიროა გარე განათება, რომელსაც შვიდი წელია, ვითხოვთ, რადგან ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, სიბნელის გამო ექიმი ვერ მოდის პაციენტამდე“, – ამბობდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მარინა ბერიძე.
მარინა ბერიძემ და სხვებმა 2020 წლის 22 სექტემბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კრიტერიუმების დაზუსტება ითხოვეს – ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქში“. აქციის მონაწილეების თქმით, მათ თორნიკე რიჟვაძე თვეზე მეტი ხნის წინდაჰპირდა ამას, თუმცა სექტემბრის ბოლოსაც გაურკვეველი იყო, ვინ მიიღებდა ბინას „ოცნების ქალაქში“. იმავეს ითხოვდნენ აქციის მონაწილენი 18 ოქტომბერსაც, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ შეკრებაზე.
2020 წლის 20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მშენებლობის პროგრამის დასრულების ვადა გადაიწია. პროგრამა თავდაპირველად 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე გაიწერა, შემდეგ 2020-2023 წლებზე გადაიწია და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; შემდეგ იგივე პროგრამა კიდევ ერთხელ გადავიდა უკვე 2021-2024 წლებზე და 70 მილიონი ლარიანი ბიუჯეტით დამტკიცდა.
2021 წლის თებერვალში „ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებს” კითხვაზე პასუხად მხოლოდ ის მისწერეს, რომ „კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“.
იმავე წლის 21 მარტისთვის ისევ არ იცოდა მოსახლეობამ, ვინ მიიღებდა ბინას, რადგან კრიტერიუმები ისევ არავის გაუცვნია. ამჯერად ისინი დასახლების წინ, გზატკეცილზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირზე] შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. თუმცა პოლიციამ მალე მოახერხა მოძრაობის აღდგენა.
მათ საპასუხოდ იმ დღესვე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ სპეციალური სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართული იყო „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა და ისინი თავად მონაწილეობდნენ კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.
მეორე დღეს, 22 მარტს, „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან მივიდნენ. აჭარის მთავრობა ვერ აკონკრეტებდა, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდებოდა, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე.
დაპირების მიუხედავად, 2021 წელი ისე მიიწურა, მშენებლობა ვერ დასრულდა. 28 დეკემბერს კორპუსის ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანდა, რომ კედლები გამრუდებული იყო. მშენებელი კომპანიის, „დაგის“ წარმომადგენელი კი ირწმუნებოდა, რომ ხარვეზი, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია, „არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კონსტრუქციული ნაწილისთვის და შენობის მდგრადობისთვის“, რის შესახებაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც მოიშველა.
2022 წლის 17 აპრილს „ოცნების ქალაქში“ მორიგი აქცია გაიმართა, აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – სამოსახლოთა დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე.
„ოცნების ქალაქში“ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე, „ოცნების ქალაქში“ მდებარე ერთ საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული მაშინ, როცა ერთ საარჩევნო უბანზე დაშვებულია არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისა.
7 მაისს აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ მივიდნენ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები. ისევ კრიტერიუმების განსაზღვრას ითხოვდნენ ბინების სახელმწიფოსგან მისაღებად.
„მთავრობა 580 ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს ამ ეტაპზე და შემდეგი ეტაპიც იქნებაო, მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს ყველა კატეგორიის ოჯახთან. ასევე ვითხოვთ, ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ კორპუსებსაც, რომლებიც შენდება – მათი ხარისხის დასადგენად”, – ამბობდა მარინა ბერიძე, რომელიც ისევ ხელმძღვანელობდა „ოცნების ქალაქელების“ აქციებს.
2022 წლის 30 მაისს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კომისიამ ბინის გადაცემისთვის საჭირო კრიტერიუმები შეიმუშავა. მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილო იყო, რადგან ცხადი პასუხი ვერ მიიღეს, ბინის მიღების რიგითობა როგორ განისაზღვრებოდა. 26 ივნისს კრიტერიუმები დააზუსტეს, თუმცა უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა – როდის გადასცემდნენ ოჯახებს ბინებს.
2022 წელიც ბინების გარეშე გაილია. 2023 წელს კვლავ აქციების გამართვა მოუხდათ. 22 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. ამჯერად „ოცნების ქალაქელები” ბინების მისაღებად ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ.
2023 წელიც ისე დასრულდა, მოსახლეობამ კვლავ არ იცოდა, ვინ მიიღებდა ბინებს პირველ ეტაპზე. ისინი სიის გადაცემას ამაოდ ითხოვდნენ, არც ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს უფორმებდნენ.
12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 2024 წელს 5 ივნისს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ პირველ ეტაპზე 582 ბინა უნდა გადაეცათ. თუმცა, იმ დღესაც არ გაუსაჯაროვებიათ სია იმ ოჯახებისა, რომლებიც ამ ბინებს მიიღებდნენ. ამ 582 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების შემთხვევაში „ოცნების ქალაქში“ ბინის მოლოდინში 1 025 ოჯახი რჩებოდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 6 სექტემბერს, „ბათუმელებმა“ „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მიიყვანეს სამარშრუტო ტაქსები და მოქალაქეები რეესტრში წაიყვანეს – დაარეგისტრირეს. ბინებს ოჯახების საკუთრებად აფორმებდნენ. „რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო“, – უთხრეს მათ გამოცემას. „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნების ქალაქის“ მაცხორებლებით მანიპულირებაზე მიანიშნებდა.
2025 წლის 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აჭარაში ჩავიდა და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინების გადაცემის მეორე ეტაპის დაწყება ამცნო – ამ დღეს „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ გაიმართა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს.
ამ ღონისძიებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2025 წლის 15 თებერვალს, იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „კაფსულა ჩააგდეს“, 2 ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ახალი კორპუსების ასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიას უსაფრთხოების ღობე შემოვლებული არ ჰქონია. თუმცა, ღობე ჩანდა ირაკლი კობახიძის ჩასვლის ამსახველ მედიის მიერ გადაღებულ კადრებში. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ღობე ღონისძიების მეორე დღესვე დაშალეს.
ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ, „ოცნების ქალაქის“ იმ ადგილზე, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მხოლოდ თხრილი იყო შემოღობილი.