EN

აზარტული თამაშების წინააღმდეგ

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 30 ოქტომბერი – 2020 წლის 26 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის თვითმკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ ლუდომანი იყო

ლიდერები, ორგანიზატორი

ანა დოლიძე, „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“

მთავარი მოთხოვნა

რეგულაციების გამკაცრება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები

„უთხარი არა აზარტულ თამაშებს!“

ვიზუალური ელემენტები

პროტესტის შედეგი

დაწესდა მკაცრი რეგულაციები: აიკრძალა 25 წლის პირთათვის და საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის თამაში, შეიქმნა ე.წ. შავი სიები, აიკრძალა სატელევიზიო რეკლამა

2019 წლის აპრილში მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან.

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით საქართველოში ამ წელს არაერთი აქცია გაიმართა. 

აკრძალვების დაწესებას აქტიურად ითხოვდა პოლიტიკოსი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე. მან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე დაიწყო. თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ,   2019 წლის 29 ოქტომბერს ცხვარიჭამიასთან ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

  • 2019 წლის 30 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე;
  • 2019 წლის 1 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან ანა დოლიძის ინიციატივით  გაიმართა აქცია. მან პეტიციის ოთხი მოთხოვნა გააჟღერა: 25 წლამდე პირებისთვის კაზინოებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად) შეშვებაზე აკრძალვის დაწესება, რეკლამის აკრძალვა, რეგისტრაციის გავლის გამკაცრება და სპეციალური ტერიტორიების გამოყოფა;
  • 2019 წლის 3 ნოემბერს პარტია „ქართული დასის“ წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართეს აქცია და თქვეს, რომ აზარტული თამაშის აკრძალვის მოთხოვნის ინიციატივას პარლამენტში შეიტანდნენ;
  • 2019 წლის 7 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ იმავე მოთხოვნით  გაიმართა აქცია;
  • 2019 წლის 29 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ხალხს ანა დოლიძემ უთხრა, რომ რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით 10 000 ხელმოწერა მოაგროვეს და მთავრობა ვალდებული იყო, განეხილა;
  • 2019 წლის 26 დეკემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვისა და ონლაინ კაზინოების დახურვის მოთხოვნით გამოვიდნენ;
  • 2020 წლის 2 თებერვალს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ დევიზით: „უთხარი აზარტულ თამაშებს არა, #სანდრიკასთვის“;
  • 2020 წლის 3 მარტს დედები და მათი მხარდამჭერები მოძრაობიდან „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და რეგულაციებს გამკაცრება მოითხოვეს;
  • 2020 წლის 26 ივნისს კი აქციით მოძრაობა „ხალხისთვის” წევრები გამოვიდნენ;

2021 წლის 13 დეკემბერს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელმაც რეგულაციები მნიშვნელოვნად გაამკაცრა: აიკრძალა რეკლამა (სპონსორობის გარდა), 25 წლამდე პირის კაზინოებში შეშვება და ონლაინ თამაშებზე მათი რეგისტრაცია, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აღარ აქვთ თამაშის უფლება, შეიქმნა  “დამოკიდებულ პირთა სია”, რომელში შეყვანაც ნებაყოფლობით არის შესაძლებელი ან ოჯახის წევრს შეუძლია მეორე წევრის რეგისტრირება. ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს, თამაში ეკრძალებათ.რეგულაციებმა ტელევიზიების შემოსავალი შეამცირა.  ამ კანონის შემდეგ რა გაუმჯობესდა საზოგადოებისთვის, უცნობია.  2024 წლის მარტში კი მედიაში გავრცელდა 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, მოზარდების 31%-ს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება აქვს.

Media

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ

2019 წლის 1 ნოემბერი. ფოტო: პირველი არხი