2019 წლის აპრილში მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან.
აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით საქართველოში ამ წელს არაერთი აქცია გაიმართა.
აკრძალვების დაწესებას აქტიურად ითხოვდა პოლიტიკოსი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე. მან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე დაიწყო. თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 2019 წლის 29 ოქტომბერს ცხვარიჭამიასთან ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
2021 წლის 13 დეკემბერს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელმაც რეგულაციები მნიშვნელოვნად გაამკაცრა: აიკრძალა რეკლამა (სპონსორობის გარდა), 25 წლამდე პირის კაზინოებში შეშვება და ონლაინ თამაშებზე მათი რეგისტრაცია, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აღარ აქვთ თამაშის უფლება, შეიქმნა “დამოკიდებულ პირთა სია”, რომელში შეყვანაც ნებაყოფლობით არის შესაძლებელი ან ოჯახის წევრს შეუძლია მეორე წევრის რეგისტრირება. ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს, თამაში ეკრძალებათ.რეგულაციებმა ტელევიზიების შემოსავალი შეამცირა. ამ კანონის შემდეგ რა გაუმჯობესდა საზოგადოებისთვის, უცნობია. 2024 წლის მარტში კი მედიაში გავრცელდა 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, მოზარდების 31%-ს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება აქვს.