2022 წლის 28 ივლისიდან 22 ნოემბრამდე
რეგიონი
გარემო
აქცია
ადგილობრივების ინფორმაციით, RMG გოლდი ღია კარიერული წესით აპირებდა ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის მოპოვებას
პლატფორმა სალამი
არ დაიწყოს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება მუშევანში
ხელისუფლება
“დაიცავი სოფელი მუშევანი”, “დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი”
უცნობია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფერადი ლითონების მწარმოებელი ორი კომპანია: „არემჯი კოპერი“ (RMG Copper) და „არემჯი გოლდი“ (RMG Gold) ფუნქციონირებდა. 2022 წელს კი „RMG Copper”-მა სამოქმედო არეალის გაფართოება განიზრახა და მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს ფართობზე (11,27 ჰა) ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას გეგმავდა.
2022 წლის 28 ივლისს სოფელ მუშევანის მოსახლეობა „მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს“ პროექტის გასაპროტესტებლად სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ადგილობრივები რადიო „მარნეულთან“ აცხადებდნენ, რომ პროექტის შესახებ სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. ადგილობრივმა ალიხან იაჰიაოღლუმ რადიო „მარნეულს“ უთხრა: „მოატყუეს ხალხი იმით, რომ სოფელს გაზი და წყალი მიეწოდება და ასე შეაგროვეს ხელმოწერები. მოსახლეობას, ზოგადად, არ ჰქონდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. როდესაც დინამიტი ფეთქდება, მას შეუძლია დააზიანოს ჩვენი სახლები და შეაშინოს ხალხი. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? ჩვენს გარშემო წლებია ხეებს ჭრიან, ჰაერიც შეიცვალა. ხეები სიცოცხლეა და ჩვენ ამ ხეებით ვსუნთქავთ“.
იმავე დღეს პლატფორმა სალამის მხარდაჭერით, სოფელ მუშევანის საინიციატივო ჯგუფმა, პროექტის დაწყების თავიდან აცილების მიზნით, ხელმოწერები შეაგროვა და სს „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ კოლექტიური განცხადებით მიმართა. მუშევანის საინიციატივო ჯგუფის უფლებების დაცვა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ითავა.
2022 წლის 13 სექტემბერს ბოლნისის სოფელ მუშევანის მოსახლეობის ნაწილი 11 საათზე გეგმავდა კიდევ ერთ შეკრებასა და საპროტესტო პეტიციის გავრცელებას RMG Gold-ის მიერ სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების წინააღმდეგ, თუმცა დემოსტრანტებს ადგილზე დახვდნენ თანასოფლელები, რომელთაც უთხრეს, რომ აქციას არ ჩაატარებინებდნენ.
რადიო „მარნეულის“ ცნობით, აქციის მოწინააღმდეგები ამბობდნენ, რომ RMG მათ სანაცვლოდ დაჰპირდა წყლისა და გაზის გაკეთებას და სკოლის გარემონტებას. ამიტომ არ ეწინააღმდეგებოდნენ კომპანია RMG-ის პროექტს.
მუშევანელების მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს ამბობდა და პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავდა.
“ვეწინააღმდეგებით ჩვენს სოფელში RMG Copper-ის მიერ ოქრო-სპილენძის საბადოს დამუშავებას და გთხოვთ, უზრუნველყოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება შესაბამისი უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას“, – ეწერა პეტიციაში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის მოპოვებას სოფელ მუშევანიდან სულ რაღაც 808 მეტრში აპირებდნენ. ამასთან, გზები, რომელთა გამოყენებასაც კომპანია გეგმავდა, სოფლიდან 600 და 800 მეტრში მდებარეობს. მოსახლეობის მოლოდინით, RMG, რომელიც წიაღისეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებდა, ამას „კვირაში რამდენჯერმე აფეთქების გზით გეგმავს“. მათ ეშინოდათ, რომ წიაღისეულის მოპოვებისას აფეთქებები სახლებს დაბზარავდა. ადგილობრივების თქმით ნებართვის მიღების შემდეგ კომპანია აპირებდა სოფლის მიმდებარედ ახალი ღია კარიერის გაჭრას.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი ქამრან მამადლი რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ საკითხი “დემოკრატიულად გადაწყვიტეს” და მუშევანელებმა ხელის აწევით დაუჭირეს მხარი “RMG გოლდისთვის” სამუშაოების დაწყების აკრძალვას.
აქციას გამოეხმაურა “RMG”. ამტკიცებდნენ, მოსახლეობის უმრავლესობა კომპანიის სამუშაოებს უჭერდა მხარს. ადგილობრივებთან გაფორმებული ჰქონდათ სოფლის განვითარების მემორანდუმი, სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ კი გეგმავდნენ პროექტის განხორციელებას. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მუშევანის პროექტი სოფლიდან მოშორებით მდებარეობდა და “გამორიცხული იყო” სოფელზე რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით მოეხდინა: “ეს დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის”, – ამბობდნენ კომპანიაში.
პირველ ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG Gold-ს მისცა ოქროსა და სპილენძის მოპოვების ნებართვა.
2022 წლის 11 ნოემბერს მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა ამ ნებართვის მიღება გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები: “დაიცავი სოფელი მუშევანი”, “დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი”.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გაიცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებდა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო “სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და გარემოსდაცვითი ექსპერტის შენიშვნები.
აქციამდე რამდენიმე თვით ადრე 2022 წლის 16 მაისს რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვეოდა, რომ ბოლნისის რაიონიდან იწყებოდა და დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში გრძელდებოდა ტერიტორია, რომელსაც კომპანია RMG ჯგუფი (ამ ჯგუფში შედიოდა RMG GOLD-იც და RMG COPPER -იც) განაგებდა. ამ ფართობზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2%-ს უტოლდება, კომპანიას ლიცენზია 2041 წლამდე ჰქონდა აღებული.
RMG ჯგუფი ქართულ ოქროს და სხვა ძვირფას ფერად ლითონებს მოიპოვებს. RMG ჯგუფში შემავალი სამი ძირითადი კომპანიის საერთო შემოსავალი 2017-20 წლებში 2,4 მილიარდი ლარი იყო, ამავე წლებში საერთო მოგებამ კი 650 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
კომპანიას რუსი მილიარდერების დმიტრი ტროიცკისა და დმიტრი კორჟევის დეველოპერული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“ ფლობდა. 2009 წლამდე ისინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ფლობდნენ ბანკ „სანქტ-პეტერბურგის“ აქციებს. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემომწირველი იყო. მათ ხელისუფლებას სააარჩევნოდ, ღიად, ბოლო წლებში, დაახლოებით, 1 მლნ 350 ათასი ლარი შესწირეს.
კომპანია მადანს ორი მეთოდით მოიპოვებდა – ნიადაგის ღიად გადახსნილი კარიერებიდან და შახტებიდან, საიდანაც მადანი მიწისქვეშ გაყვანილი გვირაბებით ამოჰქონდათ.
ორივე შემთხვევაში ნიადაგის ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი ფეთქდება და იბურღება. ამ დროს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა, იგივე ხდება მადნის ტრანსპორტირებისას და ნალექების დროს, როდესაც წვიმის და ნადნობი თოვლის წყლები ღია კარიერებს რეცხავს.
წლების განმავლობაში მადნის მოპოვება ბოლნისისა და დმანისის რაიონის სოფლების მდინარეებსა და ნიადაგებს მძიმე ლითონებით აბინძურებდა. 2018 წელს მეცნიერებმა გამოიკვლიეს RMG-ს საყდრისის საბადოსთან ახლოს სოფელი ბალიჭი, სადაც აღმოჩნდა, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას ზოგ ადგილას 300%-ითაც კი აღემატებოდა.
ამავე გამოძიებით, რადიო თავისუფლებამ აჩვენა, რომ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც RMG-ს საქმიანობას აპროტესტებდნენ, გაჩუმდნენ, რადგან თავად ან მათი ახლობლები კომპანიამ დაასაქმა.
„ყველა გაჩუმდა, ახლა [კომპანიის წინააღმდეგ] გარეთ გევიდეთო რომ თქვა, გაგლახავენ, ყველა ოჯახიდან თითო ადამიანი მაინც RMG-ში მუშაობს, მათ შორის ჩემი შვილიც, სოფელი კმაყოფილია“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც სოფელ ტანძიაში ღია კარიერის ამუშავებას აპროტესტებდა.
“ბოლნისისა და დმანისის რაიონებში მცხოვრები ოჯახების ნაწილში ერთი წევრი მაინც არის დასაქმებული RMG ჯგუფში, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სოფელ ბალიჭში, რომელიც RMG-ს საქმიანობის ცენტრთან, დაბა კაზრეთთან არის მიბმული”, – წერდა რადიო თავისუფლება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში RMG ჯგუფი წლიდან წლამდე ფაქტობრივად ერთსა და იმავე დარღვევებს იმეორებდა და ამის საპასუხოდ მხოლოდ მიზერულ ჯარიმებსა და გაჭიანურებულ სასამართლო განხილვებს იღებდა.
სოფელ მუშევანშიც პროტესტი ნოემბერში დასრულდა ისე, რომ შედეგი არ მოჰყოლია.