2016 წლის 17 მაისი
თბილისი
ქვიარ უფლებები
აქცია
გზებზე ცისარტყელას დროშის დახატვისთვის დააკავეს ქვიარ აქტივისტები
არასამთავრობო ორგანიზაციები
ლგბტქ პირთა უფლებების დაცვა
ხელისუფლება
2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT), სამი აქტივისტი რუსთაველის გამზირზე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ფერადი საღებავებით გზის სავალ ნაწილზე ცისარტყელას ფერებში დროშას ხატავდნენ – ლგბტ მოძრაობის სიმბოლოს. მათ 17 მაისის ასე პარტიზანულად აღნიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების გარანტიის უქონლობის გამო ლგბტქ თემი საჯარო სივრცეში ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს ვერ აღნიშნავდა. დილის ოთხ საათზევე პოლიციამ შენობის კედლებზე სტენსილის ხატვისას კიდევ 7 აქტივისტი დააკავა – ამჯერად საპატრიარქოსთან.
დაკავებული აქტივისტების უმრავლესობას, ათიდან შვიდ ადამიანს, ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე და 173-ე მუხლებით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამ ამბავს მალევე მოჰყვა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც თავი მოიყარეს ლგბტ თემის წევრებმა, ფემინისტებმა და დაკავებულების მეგობრებმა.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) „ლგბტ საქართველომ“, „თემიდამ“, „იდენტობმა“ და ასევე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ხელისუფლებას მანიფესტით მიმართეს და მოითხოვეს ლგბტქ პირთა უფლებების დაცვა, ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღება და ლგბტქ პირთა გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლგბტქ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს პასუხი არაადეკვატური იყო.
2016 წლის 17 მაისი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება