EN

აქცია “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 21 მაისი – 16 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდა

ლიდერები, ორგანიზატორი

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ირაკლი ალასანია”

მთავარი მოთხოვნა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება
საქართველოს პრეზიდენტი

პროტესტის შედეგი

პრეზიდენტმა ბრალდებულები შეიწყალა

„სამშობლოს სამსახური არ ისჯება“ – ამ სახელწოდების აქცია გაიმართა 21 მაისს მთავარი პროკურატურის შენობის წინ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომლის პატიმრობის გასაპროტესტებლად.

ე. წ. „კაბელების საქმის“ გამო 16 მაისს დაკავებულ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა ედებათ ბრალად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევდნენ თავისუფალი დემოკრატები და მათი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. 

მედიას “კაბელების საქმის” სახელით შემორჩა ამბავი, რომელიც უკავშირდება 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერს.  გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო შეცდომაში შეიყვანეს, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ,,დელტას”, უფრო ხელსაყრელი შეთავაზება დაიწუნეს და უპირატესობა მიანიჭეს კომპანია „სილქნეტის” არახელსაყრელ – „ძვირ“ – წინადადებას, რითაც გაიფლანგა 4 მილიონ ლარზე მეტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი 16 მაისის სხდომაზე ცნო დამნაშავედ, პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დააპატიმრა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

21 მაისს მთავარი პროკურატურის შენობის წინ გამართული აქციისას მცირე ზომის სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადვოკატები, უფლებადამცველები, დაკავებულთა ოჯახის წევრები და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. მიკროფონი არ დასთმობიათ სხვა პარტიათა წარმომადგენლებს, თუმცა აქციას შეუერთდნენ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „გადავალთ საგანგებო რეჟიმზე და ყველა რაიონში, საქართველოს ყველა რეგიონში დავიწყებთ პეტიციის ხელმოწერას იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაათავისუფლოს ტყვეობიდან და თავისუფლება მისცეს ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს”, – თქვა ირაკლი ალასანიამ. 

აქცია სახელწოდებით “უსამართლო სასამართლო” გაიმართა 2016 წლის 16 ივნისს. სააპელაციო სასამართლოსთან „კაბელების საქმეზე“ დაკავებულთა ოჯახების ახლობლები და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით ეხელმძღვანელა.

საბოლოოდ, მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის იანვარს შეიწყალა. 2025 წლის 12 თებერვალს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. სასამართლომ თქვა, რომ “გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული”.

რამდენიმე დღეში, 15 თებერვალს საქმის განმხილველმა ერთ-ერთმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, თუ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

Media

ირაკლი ალასანია და ზურაბ აბაშიძე აქციაზე

ირაკლი ალასანია და ზურაბ აბაშიძე აქციაზე

2016 წლის 21 მაისი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება