EN

პოლიტიკაSHE – გენდერული კვოტირების მოთხოვნა

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2015 წლის 8 მარტი – 2020 წლის 2 ივლისი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა დაბალი მონაწილეობა

ორგანიზატორი

ქალთა მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

საარჩევნო სიებში გამოიყოს კვოტები ქალებისთვის

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პარლამენტი

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“მეტი ქალი პარლამენტში!” “პოლიტიკაSHE”

პროტესტის შედეგი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანის ჩასმა სავალდებულო გახადა.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას 2015 წლიდან ითხოვდნენ. მათი აზრით, თუ პარტიებს საარჩევნო სიაში ქალების ჩასმის ვალდებულება ექნებოდა და პარლამენტში მეტი ქალი მოხვდებოდა, ამით გაიზრდებოდა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა. 

“მეტი ქალი პარლამენტში” – ამ ლოზუნგით აღნიშნეს ქალთა ორგანიზაციებმა 2015 წლის 8 მარტი საქართველოს 25 ქალაქში.  ამის შემდეგ კანონპროექტის რამდენიმე ვერსია მომზადდა, რომელიც 2015 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო. 2016 წლის თებერვლიდან ქალთა მოძრაობამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ხვდებოდნენ მოსახლეობას და უხსნიდნენ გენდერული კვოტების მნიშვნელობას. გაჩნდა სტენსილები – “პოლიტიკაSHE”. 

2016 წლის 8 მარტი კი ორი საპროტესტო აქციით აღინიშნეს და ორი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ – მეტი ქალი პოლიტიკაში და დაცული შრომითი უფლებები. 

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მოთხოვნით “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტის შენობასთან დაიწყო. შეძახილების და სასტვენების ხმის ფონზე პარლამენტის წინ შეკრებილი ქალები მოითხოვდნენ საკუთარი უფლებების დაცვას. საკანონმდებლო ორგანოს კიბეებზე 150 ყუთი იყო გამოფენილი – თითოეული დეპუტატის ფოტომიკრული (პარლამენტში 150 წევრია). მათში კი ის წერილები გროვდებოდა, რომლითაც „ქალთა მოძრაობის“ წევრები და სხვებიც დეპუტატებს კვოტების მხარდაჭერას სთხოვდნენ.

ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით კი, მეორე ჯგუფი კონსერვატორიასთან შეიკრიბა და პარლამენტისკენ გაემართა.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ: „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალის მზერა“, „ვეგან ჯორჯია“, „ლგბტ საქართველო“, „ანარქაფემინისტები“, „რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი“. ისმოდა შეძახილები: “რა გვინდა? – თანასწორობა! როდის? – ახლა!”

„მე არ მჭირდება ყვავილები, მე მჭირდება უფლებები“, „ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ყველა მშობელს“, „ქალის შრომა უჩინარია“ – ამ და სხვა მსგავსი შინაარსის პლაკატებით ხელში, ისინი პარლამენტის შენობისაკენ გაემართნენ, სადაც უკვე „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ.

საქართველოს პარლამენტთან მისულებმა ყველა დეპუტატს გაუგზავნეს წერილი და გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. 

2017 წელს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შესატანად. თვენახევრიანი მუშაობის შემდეგ 37 ათასზე მეტი ხელმოწერით ინიციატივა 12 ივნისს პარლამენტში შევიდა.  ეს ინიციატივა, ისევე, როგორც ამის შემდეგ შესული საკანონმდებლო ცვლილებების არაერთი ვერსია, ჩავარდა. აქტივისტებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ამ საკითხის აქტუალიზაციას, მართავდნენ აქციებს.

ამ თემაზე პარლამენტშიც გრძელდებოდა მუშაობა. საბოლოოდ, 2020 წლის 2 ივნისს პარლამენტმა გენდერული კვოტები დაამტკიცა. “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი ხდებოდნენ,  რომ პროპორციულ პარტიულ სიებში სულ ცოტა ყოველი მეოთხე ადამიანი სხვა სქესის ჩაესვათ. გენდერული კვოტირება დროებით ღონისძიებად შემოიღეს და 2032 წლის არჩევნებამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა 2024 წელს “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა პარტია “გირჩის” ინიციატივას და კვოტირება გააუქმა

Media

აქცია პარლამენტთან, 2015 წლის 8 მარტი

აქცია პარლამენტთან, 2015 წლის 8 მარტი

ფოტო: ქალთა მოძრაობა

აქცია პარლამენტთან

აქცია პარლამენტთან

2016 წლის 8 მარტი. ფოტო: ნეტგაზეთი

ყუთები დეპუტატი ქალების გამოსახულებით

ყუთები დეპუტატი ქალების გამოსახულებით

2016 წლის 8 მარტი. ფოტო: ნეტგაზეთი