1998 წლის 6 დეკემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში დაიწყო აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზის პიკეტი. სულ მალე ვაქირს შეუერთდა ანაგა, საქობო, წნორი, ნუკრიანი. გადაიკეტა გზები და 9 დეკემბრისთვის წნორი-დედოფლისწყაროს მიმართულებით მოძრაობა თითქმის შეწყდა. პიკეტი სიღნაღში რამდენიმე დღეს გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პენსიებისა და ხელფასების გაცემას, წყალს, ელექტროენერგიასა და ტყეში შესვლის უფლებას. ტყის საკითხი განსაკუთრებით პრობლემური იყო. კახეთის რეგიონში ყველა რაიონს ეკუთვნოდა ტყე-საკაფი ზოლი, სადაც ხის მოჭრა შეეძლოთ. მოპიკეტეები ამტკიცებდნენ, რომ ხის მოჭრა კი არა, ფიჩხის შეგროვებაც კი აკრძალული ჰქონდათ, ტყე კი ვინმე ქაქუცას ეკუთვნოდა. “რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით დაგვეხოცება შვილები თუ სიცივით”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
სიღნაღის ხელოვნების სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ვლადიმერ ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ პედაგოგები ხელფასით, რაიონის გამგებელმა ვაჟა ცაბუტაშვილმა უპასუხოდ დატოვა და პოლიციას უბრძანა, რომ ლეკიაშვილი, როგორც “ბუნტის მოთავე”, განყოფილებაში წაეყვანათ. ის ერთი საათის შემდეგ გაათვისუფლეს. ეს ფაქტი უარყო პოლიციის უფროსმა.
9 დეკემბერს მოპიკეტეებთან მივიდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გია არსენიშვილი, რომელიც ხალხს უახლოეს მომავალში ერთი თვის პენსიებისა და ხელფასების გაცემას და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა.