EN

გაფიცვების სერია ქუთაისში

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1998 წლის 26-30 ნოემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

სახელფასო დავალიანება

ორგანიზატორი

ქუთაისელი პედაგოგები და ბიბლიოთეკარები

მთავარი მოთხოვნა

კუთვნილი ხელფასების მიღება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

1998 წლის 26 ნოემბრიდან ქუთაისის ზოგიერთ სკოლაში სწავლა შეწყდა. პედაგოგებმა კი საკლასო ოთახებიდან მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს. “მათ სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის ხელფასები მოითხოვეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – ან თანხა ან მოშიმშილე და უსწავლელი ბავშვები”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა”. ამავე გაზეთის ცნობით, საგაფიცვო კომიტეტმა შეადგინა იმ პედაგოგთა ათკაციანი სია, რომლებიც მზად იყვნენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციას შიმშილობის ფორმა მიეღო. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, იმერეთის გუბერნატორისა და ქუთაისის მერის სახელზე მიმართვა შეადგინეს, რომლის თანახმადაც გაფიცვა უვადო იყო და იქამდე არ შეწყდებოდა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. დაიწყო გაფიცვების სერია ქუთაისში.

პროტესტი გაფართოვდა. პედაგოგებს 10 დეკემბრიდან მწიგნობარ-ბიბლიოგრაფები შეუერთდნენ – ერთბაშად 22-მა ბიბლიოთეკამ შეწყვიტა მუშაობა. “სოციალურ აფეთქებასა და რევოლუციებს არავინ გეგმავს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი სოციალური მოთხოვნები ხვალ პოლიტიკურში გადაიზრდება. ამის ნიადაგს მთავრობა თავად ქმნის”, – აცხადებს ქალაქის მშიერი ინტელიგენცია” – წერს გაზეთი “7 დღე” და იქვე სტატიის ავტორი თეონა დოლენჯაშვილი თხრობას ასე აგრძელებს: “ხელისუფლებამ უნდა გაიხსენოს, რომ ფეშენებელური აგარაკების, სამფენოვანი დაცვისა და ძვირფასი ავტომობილების მიღმა მშიერი ხალხია, ხალხი, რომელსაც თვეობით გაუცემელი ხელფასების, სიბნელისა და შიმშილის გარდა საკუთარი ღირსების გრძნობაც აწუხებს და დღეს თუ ისინი მხოლოდ საარსებო მინიმუმს ითხოვენ, ხვალ მოთმინება ავსებულნი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გავლენ ქუჩაში”.

ხელფასებთან ერთად ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკის სახურავის შეკეთებასაც მოითხოვდნენ, რადგან წვიმის შემდეგ ჩასული წყალი საფრთხეს უქმნიდა წიგნებს. ისინი ამბობდნენ, რომ განადგურების პირას იყო XVIII-XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთების ერთეული ეგზემპლარები, რომლებიც მხოლოდ ქუთაისის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

28  დეკემბრისთვის ბიბლიოთეკების კარებზე ისევ ეწერა: “გაფიცულია”. ამ დღეს რუსთაველის ქუჩა დევნილებმა და პენსიონერებმა გადაკეტეს. ისინი კუთვნილი 4 თვის პენსიისა და 2 თვის შემწეობის მიღებას ითხოვდნენ. როგორც გაზეთ “7 დღეს” სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში უთხრეს, სექტემბრის თვის პენსიების დარიგება დაწყებული იყო, მაგრამ ახალ წლამდე მისი დასრულება ვერ ესწრებოდა. ივნის-ივლისის პენსიების ნატურით – პურის ფქვილით – ანაზღაურებაც ჯერ ვერ სრულდებოდა. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 30 ნოემბერი - 6 დეკემბერი 1998 წელი