EN

პედაგოგების გაფიცვა ტყიბულში

left arrow

1994

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1994 წლის 18 – 20 აპრილი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ ადგილობრივი რესურსების ნაწილი კომერციული სტრუქტურების ხელში გადავიდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო “მაფიის” ხელში აღმოჩნდა. ეს რესურსები (ჩაი, გიშერი, ქვანახშირი, კონიაკი) ბარტერის მიზნით გაიტანეს სხვა რეგიონებში, მაგრამ ტყიბულში არაფერი ჩაუტანიათ საპასუხოდ.

ორგანიზატორი

ტყიბულელი პედაგოგები

მთავარი მოთხოვნა

მასწავლებელთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდა, ტყიბულის რეგიონში კუპონის, როგორც გადახდის ერთადერთი საშუალების შესახებ არსებული კანონის დაცვა, შიდა საქალაქო და სოფლებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, ადგილობრივი მაფიის გამოვლენა.

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა

პროტესტის შედეგი

მოთხოვნები არ შესრულდა. ვიცე პრემიერ მინისტრმა გაფიცულებს უთხრა, რომ სახელმწიფო “საქართველო” არ არსებობს, ის ფორმირების პროცესშია და როცა ეს პროცესი დასრულდება, ყველა პრობლემა გადაწყდება დადებითად.

1994 წლის 18 აპრილს ქალაქ ტყიბულის სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყეს. ისინი მოითხოვდნენ მასწავლებელთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას, ტყიბულის რეგიონში კუპონის, როგორც გადახდის ერთადერთი საშუალების შესახებ არსებული კანონის დაცვას, შიდა საქალაქო და სოფლებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას. იდენტური მოთხოვნებით თბილისსა და სხვა რეგიონებში მასწავლებლები მანამდეც გაიფიცნენ, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ სიმბოლური დადგენილებები მიიღეს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც პრობლემები ვერ მოგვარდებოდა.

გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ  ტყიბულელ პედაგოგთა გაფიცვა კოლეგების სხვა გაფიცვებისგან  ერთი გარემოებით განსხვავდებოდა – ტყიბულის რაიონს აქვს ადგილობრივი რესურსები, რომელთა რაციონალური მოხმარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა არამარტო პედაგოგების, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობის უზრუნველყოფა პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას ამ რესურსების ნაწილი კომერციული სტრუქტურების ხელში აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია – “მაფიის”. “ორივე შემთხვევაში ეს რესურსები ტყიბულის მოსახლეობისთვის ფაქტობრივად დაიკარგა და მხოლოდ ერთეულთა გამდიდრების საშუალებად იქცა. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ თითქოს პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ბარტერული გაცვლის მიზნით, სხვადასხვა რეგიონში გაიტანეს ქვანახშირი, ჩაი, გიშერი, კონიაკი, მაგრამ სანაცვლოდ ტყიბულში არავის არაფერი ჩაუტანია”, – წერს ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი. 

მასწავლებელთა სათათბირომ ტყიბულის გამგებელს უშანგი გორეშიძეს მაფიის გამოსავლენად ქმედითი ღონისძიებების გატარება მოსთხოვა და მოუწოდა ზემოთ აღნიშნული ბარტერების შედეგების შესახებ გადაეცა ცნობები. გაფიცულმა პედაგოგებმა მოითხოვეს სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაც. 20 აპრილს მასწავლებლები შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, რომელთაც ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობდა. “განათლების მინისტრის მოადგილის, კახაბერ ქორიძის გამოსვლაში ნათლად გამოიხატა, რომ სამინისტრო ფაქტობრივად უძლურია, სოციალურად დაიცვას პედაგოგები. ვიცე-პრემიერმა კი აღნიშნა, რომ სახელმწიფო “საქართველო” არ არსებობს, ის ფორმირების პროცესშია და როცა ეს პროცესი დასრულდება, ყველა პრობლემა გადაწყდება დადებითად”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.

Media

ტყიბული ითხოვს ელემენტარულ პირობებს

ტყიბული ითხოვს ელემენტარულ პირობებს

გაზეთი "რეზონანსი" - 28-29.04.1994