2003 წლის 29 აპრილს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მასობრივი შიმშილობა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით დაახლოებით 4,500 პატიმარი შიმშილობდა, ნაწილი – სოლიდარობის ნიშნად იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც, მათი აზრით, ციხეში არასამართლიანად მოხვდნენ და ითხოვდნენ სპეციალური კომისიის შექმნას საქმეების გადასასინჯად.
მასობრივ შიმშილობამდე პატიმრები პრესაში აქვეყნებდნენ საპროტესტო მიმართვებს და ატყობინებდნენ ხელისუფლებისა და სამართალდამცველი ორგანოების პირველ პირებს იმის შესახებ, რომ ბევრი ადამიანი უკანონოდ იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში; რომ დაკავების დროს ხდებოდა ცემისა და წამების ფაქტები; და რომ ბევრი პატიმარი ვადის გადაცილებით იმყოფებოდა ციხეებსა და კოლონიებში.
2 მაისს გენერალურმა პროკურატურამ მსჯავრდადებულთა საჩივრების შემსწავლელი საგანგებო კომისია ჩამოაყალიბა. პატიმრების მასობრივი შიმშილობა 2003 წლის 6 მაისს, მას შემდეგ შეწყდა, რაც გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ და იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება მოინახულეს. მედიის ცნობით, ამ სტუმრობის შემდეგ პატიმრებმა ირწმუნეს, რომ მათ საჩივრებს სპეციალური კომისია განიხილავს.