თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა 2003 წლის 14 აპრილს სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ისინი უნივერსიტეტის შენობიდან სახელმწიფო კანცელარიასთან მივიდნენ, სადაც დაწვეს საბჭოთა საქართველოს დროშები, ბანერები, რომლებზეც პრეზიდენტ შევარდნაძის, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძისა და ახალი ბლოკის სხვა ლიდერების პორტრეტები ეხატა. აქციის მონაწილეებს პლაკატებზე ეწერათ “კმარა”. ამ აქციით დაიწყოს მოძრაობა “კმარას” აქციები, რომელიც მომდევნო თვეებში პერმანენტული გახდა.
ოფიციალური პირებიდან, მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შეხვდა სტუდენტებს კანცელარიასთან. “აშკარაა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მართავენ ამ სტუდენტებს”, – თქვა მან.
სტუდენტებმა კანცელარიის წინ, მელნით დასველებული თითების ანაბეჭდები დატოვეს, რითაც მიუთითეს, რომ ხელისუფლების არ ეშინიათ.
“კმარას” ამბავი უფრო ადრე დაიწყო. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას საფუძველი 2001 წლის ნოემბრის თვეში ჩაეყარა, როდესაც ოპოზიცია და მოსახლეობა “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერად , სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. მათ მხარში ახალგაზრდობაც დაუდგა. მრავალათასიან საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ოთხი მაღალი თანამდებობის პირი: უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.
თავად მოძრაობა “კმარას” იდეაც, როგორც თავად მისი წევრები აცხადებენ, სტუდენტებს ეკუთვნით. “მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც ახალი, ისეთი სახელწოდების მოძრაობა უნდა შეგვექმნა, სადაც ლაკონურად იქნებოდა მთელი ჩვენი მოთხოვნა დაფიქსირებული, ასეთი კი “კმარაა” – განაცხადა 2003 წლის ივნისში ლევან ეხვაიამ, მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
ახალგაზრდებს ეხმარებოდა უფლებადაცვით და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ძველი, 1996 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”.
“კმარა” არის მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება ქვეყანაში გაბატონებულ კორუფციას, გაუნათლებლობას, განუკითხაობას, კლანურ მმართველობას და არჩევნების გაყალბებას. უპირისპირდება ყველა იმ პიროვნებას, ვინ ყოველივე ამას ასახიერებს”, – ეწერა 2003 წლის საინფორმაციო ბროშურაში, რომლითაც ხალხს მოუწოდებდნენ “თუ შენთვისაც კმარა, შემოუერთდი კმარას და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი”. ბროშურას თან ერთოდა ქვეყნის განვითარების ხედვა “10 ნაბიჯი თავისუფლებისთვის”, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს და “კმარელებმაც” გაიზიარეს.
2003 წლის გაზაფხულიდან “კმარას” აქციები უფრო ორგანიზებული გახდა. მისი წარმომადგენლები ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული სტუდენტური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სერბეთში იმყოფებოდნენ, იქაური წინააღმდეგობის მოძრაობების ისტორიას გაეცნენ. სწორედ ასე დაუკავშირდნენ იქაურ Otpor!-ს, რომლის წევრებმაც თავიანთი ლოგოს გამოყენების უფლება მისცეს. ასე იქცა მუშტი “კმარას” სიმბოლოდ. მათთან თანამშრომლობდა “თავისუფლების ინსტიტუტი”.
“კმარას” აქციები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მოძრაობის წევრებმა საკუთარი პოზიციის გამოსახატად აირჩიეს მეთოდი, რომელმაც მოსახლეობაში არა ერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. ყოველ დილით ქუჩაში გამოსულ თბილისელებს სამთავრობო დაწესებულებების კედლებზე და ქუჩებში დიდი ასოებით შესრულებული წარწერები – “კმარა” ხვდებოდათ. ახალგაზრდები ტოვებდნენ წარწერებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას. ავრცელებდნენ ვიდეოკლიპებს. მაგალითად, ერთ-ერთ საინფორმაციო ვიდეოში ამბობდნენ – “ელექტროენერგია საქართველოს რეგიონებს საშუალოდ კვირაში 2-ჯერ მიეწოდება. დაახლოებით ისე, როგორც 80 წლის წინ. კმარა ვარდნა”. სხვა ვიდეოებსა და პლაკატებში ჩანდა ლოზუნგები “კმარა ვარდნა”, “კმარა სიღარიბე”, “თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით”, “კმარა იმიტომ რომ მიყვარს საქართველო” – ეწერა ბროშურებს. ეცვათ მაისურები “კმარას” ლოგოთი და ზურგზე წარწერით “იმიტომ რომ მიყვარს საქართველო”.
“კმარას” აქტივისტები იყენებდნენ მარტივ, მაგრამ ახალ მეთოდებს საზოგადოების ჩართულობისთვის, მაგალითად, საზოგადოებრივი ეზოების დასუფთავება და შემდეგ ცნობისმოყვარე მცხოვრებლებთან განხილვა, როგორ უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფომ; ან სთხოვდნენ საკუთარ ბებიებს სოციალურ საკითხებზე სხვა მოხუცებთან ესაუბრათ, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ უცხო ახალგაზრდებისთვის კარი გაეღოთ”, – დაწერს 20 წლის შემდეგ The Irish Times.
2003 წლის 11 ივნისს მათ შსს-ს შენობა ააჭრელეს საღებავებით, რის გამოც პოლიციამ 9 აქტივისტი 7 საათით დააკავა. ისინი ცდილობდნენ აქციის გამართვას ბორჯომშიც, რისი შესაძლებლობაც არ მისცეს. 6 აგვისტოს კი თბილისში ენერგეტიკის სამინისტროსთან აქციის გამართვისას “კმარას” ორი წევრი დაშავდა.
“კმარას” მიერ დაწყებულ აქციები და პოლიტიკური ოპოზიციის აქციები 2003 წლის შემოდგომით გაერთიანდა, რის შემდეგაც საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა.
“გეგმა იყო, რომ “კმარა არ მოდიოდა ხელისუფლებაში. “კმარა” არ მუშაობდა ამომრჩეველზე. არ მოიპოვებდა კეთილგანწყობას, არ იბრძოდა ხმებზე. გვერდით იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა ან პარტიების გაერთიანება, რომლებიც იმუშავებდნენ ხმებზე,ამომრჩეველზე და აშ. ანუ ნეგატივი მიგვქონდა ჩვენ და იმედის ჩასახვა იყო მათი საქმე”, – იტყვის წლების შემდეგ “კმარას” წევრი ლუკა წულაძე “რადიო თავისუფლებასთან”.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია. აქციები უწყვეტი და ფართომასშტაბიანი გახდა.
“სამი კვირა ყოველდღე დემონსტრაციებს ვაწყობდით. მორიგეობებს ვაკეთებდით, რათა რუსთაველის გამზირზე ყოველთვის საკმარისი ხალხი გვყოლოდა. სახლში ვამზადებდით ლანჩებსა და ვახშმებს ჩვენი აქტივისტებისთვის”, – იხსენებს “კმარელი” ნინი გოგიბერიძე The Irish Times-თან.
2003 წლის ნოემბრის პროტესტი “ვარდების რევოლუციით” დასრულდა.