EN

პანკისში ჰესის წინააღმდეგ

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 2 თებერვალი – 21 აპრილი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ჰესის მშენებლობის დაწყება

ლიდერები/ორგანიზატორი

ადგილობრივი მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

არ აშენებულიყო ჰესი

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

პროტესტის შედეგი

შეჩერდა ჰესის მშენებლობა

მნიშვნელოვანი რესურსები

“რადიოვეი – ლაივი
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=988014184741741

შეტაკება https://www.facebook.com/watch/?v=328204587881038

ფოტოები
https://www.facebook.com/radioway.ge/posts/pfbid02srwgxrxVRkg91QK1hi2ek82kQmcuNy67SBcqgypmX8i4xDKQawHyEDuMtQwSusuEl

ვითარება მოლაპარაკებების შემდეგ https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=354792085143916”

პანკისის ხეობაში სამი ჰესის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გასცა. ორი მათგანი ხადორი 1 და ხადორი 2 აშენდა. ხადორი 3-ის   მშენებლობა კი შეჩერებული იყო, რადგან გაცემული ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (ახლანდელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ გარემოზე ზემოქმედება ყველა ჰესის მიერ გამოწვეული რისკების მთლიანობაში გათვალისწინებით არ შეფასდა.  

ხადორი 3-ს “ალაზანი ენერჯი“ აშენებდა. ჰესის მშენებლობა სოფელ ბირკიანთან იყო დაგეგმილი, პროექტის მიხედვით, მდინარის 90 პროცენტი 4,5 კმ სიგრძეზე მილსადენში მოექცეოდა. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ წყლის შემცირება აისახებოდა საძოვრებზე და სასმელი წყლის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ამიტომ ამ ჰესების კასკადის აშენებას დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. პანკისელები 2019 წლის 2 თებერვალს შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება. პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი  დაწერეს და მას ამ საკითხით დაინტერესება სთხოვეს. 

ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ სათანადოდ არ იყო შესწავლილი ჰესების მშენებლობის გავლენა გარემოზე, მათ შორის, სასმელ წყალზე. პანკისის ხეობა მდინარე ალაზანზეა დამოკიდებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი წყლის თვალსაზრისით. ამიტომ პანკისელები ფიქრობდნენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში წყალი საკმარისი აღარ იქნებოდა აღარც მოსარწყავად და აღარც სასმელად, რაც უვარგისს და შეუძლებელს გახდიდა ამ სოფლებში ცხოვრებას.

2019 წლის 21 აპრილს ხეობაში ტრაქტორი გამოჩნდა. ასე გაიგეს პანკისელებმა, რომ ჰესის მშენებლობა დაიწყო. ამან მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პანკისელები ამბობდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ და სადღეღამისო მორიგეობას დააწესებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე პოლიციელები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩაიყვანა.  აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დილით მომხდარი შეტაკების შემდეგ კი ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის შს მინისტრი, გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

ადგილობრივებისა და მთავრობის წევრების შეხვედრის პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივებმა პოლიციელებს ქვების სროლა დაუწყეს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცხადებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის, 38 სამართალდამცავი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდებოდა, სანამ მოსახლეობის 90 პროცენტს არ ექნებოდა ამის სურვილი. შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

21 აპრილს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა ბათუმში. „სისტემა მოძალადეა“ „არა ჰესებს“ „აჭარა თქვენთანაა“ – ამ შინაარსის წარწერებით აქტივისტები ერთი საათის განმავლობაში იდგნენ მოედანზე, რითაც, ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოუცხადეს პანკისში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ, კი დაგმეს პოლიციის ქმედებები, რაც, მათივე თქმით, იყო ძალადობრივი.