EN

ონკოპაციენტების აქცია

left arrow

2024

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2024 წლის 4 თებერვალი – 19 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მკურნალობის დაფინანსებაზე მიღებული პირობის დარღვევა

ორგანიზატორი

ონკოპაციენტები

მთავარი მოთხოვნა

მკურნალობის დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტებზე დეფიციტის აღმოფხვრა

პროტესტის ადრესატი

ჯანდაცვის სამინისტრო

ტრანსპარანტები

„მინდა ვიცოცხლო“, „მინდა სიცოცხლე“, „გადამარჩინეთ და დამეხმარეთ“; „სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო არის ახლა“; „დაგვეხმარეთ სიცოცხლის გადასარჩენად“, „ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის დასაცავად“.

პროტესტის შედეგი

ჯანდაცვის სამინისტრომ შეცვალა ონკოპაციენტების დაფინანსების სისტემა.

მნიშვნელოვანი რესურსები

2024 წლის 21 იანვარს ონკოპაციენტების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა ონკოპაციენტებისთვის მიცემული დაპირება და 1 იანვრიდან მკურნალობა არა სრულად, არამედ წლიური 25 ათასი ლარის ფარგლებში დაფინანსდებოდა. გარდა ამისა, მათი მოთხოვნა იყო იმ დეფიციტის აღმოფხვრაც, რომელიც ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტებზე იქმნება ხოლმე. სწორედ ამ მოთხოვნების გასაჟღერებლად გაიმართა აქცია კიბოს ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტთან, მომდევნო აქცია უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა 12 თებერვალს. ხალხი შეიკრიბა მომდევნო დღეებშიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერე კი ისევ – პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან. მთელი ამ დროის განმავლობაში ონკოპაციენტები ითხოვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

„ჩვენ ამ ბრძოლაში დანებების უფლება არ გვაქვს, რადგან თუ ჩვენ დავნებდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიღუპება უამრავი ადამიანი, ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობის და გაუფრთხილებლობის გამო!“ – ამბობდნენ ონკოპაციენტები.

12 მარტს ონკოპაციენტებს ახლად დანიშნული მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია შეხვდნენ.

5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სამინისტრო დაფინანსების 25-ათას ლარიან ლიმიტს უცვლელად ტოვებდა, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებდა მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობდა.

„პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს 30 მაისსაც პარლამენტის შენობასთან, როცა სასესიო დარბაზში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით. მათი თქმით, კვლავ პრობლემა იყო მკურნალობის დაფინანსების საკითხი და მედიკამენტების შეძენა, რადგან წამლების ნაწილი კვლავ დეფიციტური იყო. ჯანდაცვის მინისტრმა 19 ივლისს მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 24 ივლისიდან ონკოპაციენტებს მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებაში ხვდებათ და მათ აღარ უწევთ აფთიაქებიდან მიტანა. მისი თქმით, ონკოპაციენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა გაგრძელდებოდა.

Media

ონკოპაციენტებმა მკურნალობის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს

ონკოპაციენტებმა მკურნალობის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს

ფოტო: "ნეტგაზეთი"