EN

ომის ვეტერანთა აქცია

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 27 დეკემბერი – 2011 წლის 3 იანვარი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

ომის ვეტერანთა მძიმე სოციალური პირობები

ორგანიზატორი

ომის ვეტერანები

მთავარი მოთხოვნა

დასაქმება და მეტი ყურადღება ხელისუფლებისგან

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

შეწყდეს თავდაცვის და შს სამინისტროს ვეტერანების დამცირება.

პროტესტის შედეგი

პოლიციამ მოშიმშილეები დაშალა და დააკავა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებმა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო 2010 წლის 27 დეკემბრიდან გმირთა მოედნის მემორიალთან შიმშილობა დაიწყეს.  ისინი ხელისუფლებისაგან დასაქმებასა და “ელემენტარულ ყურადღებას” ითხოვდნენ. ომის ვეტერანთა აქცია მალევე გაფართოვდა. მას მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ. იმ დროისთვის შეღავათები, რომლებითაც ომის ვეტერანები სარგებლობდნენ, ძალიან მცირე იყო: 22-ლარიანი საშეღავათო ვაუჩერი კომუნალური გადასახადებისათვის და სამგზავრო ბარათი მხოლოდ თბილისელი ვეტერანებისათვის.

ვეტერანები შიმშილობას 2011 წლის 6 იანვრის ჩათვლით აპირებდნენ, შემდეგ კი უფრო ფართომასშტაბიან და გრძელვადიან აქციებზე გადასვლას გეგმავდნენ, თუმცა 3 იანვარს პოლიციამ ომის ვეტერანთა აქცია დაშალა და ნაწილი დააკავა. 4 იანვარს შსს-მ დაადასტურა 11 ადამიანის დაკავება და თქვა, რომ ისინი “არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამინისტრო იუწყება, რომ ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ 2 დაკავებულის სიმთვრალე დაადასტურა”.

4 იანვარს სასამართლომ თერთმეტივე დაკავებულს 400-400 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. იმავე დღეს ვეტერანთა მხარდასაჭერად გმირთა მოედანზე აქცია დაიგეგმა, თუმცა, სამართალდამცავებმა ტერიტორია ე.წ. ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს და შეკრებილ მოქალაქეებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლე თადაშვილმა დაკავებულებს ჯარიმა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე დააკისრა. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც გამოაქვეყნა დასკვნა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აქციის მონაწილეებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაშინ, როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს ჯარიმების გასაუქმებლად.

Media

ომის ვეტერანთა აქციის დაშლა, 2011 წლის 3 იანვარი

ომის ვეტერანთა აქციის დაშლა, 2011 წლის 3 იანვარი

ფოტო: რადიო თავისუფლება