თბილისში, სანაპიროზე, იქ, სადაც იუსტიციის სახლი აშენდა, ადრე საჩოგბურთო კლუბ “დინამოს” მოედანი იყო, “დინამოს კორტები” – ასე მოიხსენიებდა ხალხი ამ ტერიტორიას. 2010 წლის 1 ნოემბერს კლუბის ადმინისტრაციამ ჟურნალისტები მიიწვია და კორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. კლუბის ადმინისტრაციის თქმით, 25 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ტერიტორიის დაცლისთვის ვადა 1 ნოემბრამდე დააწესა. ამ ტერიტორიაზე თორმეტი საზაფხულო კორტი იყო განთავსებული. იქვე მდებარეობდა ორი დახურული დარბაზი, სადაც მწვრთნელები მოსწავლეებს ზამთარში ავარჯიშებდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საჩოგბურთო კლუბის წარმომადგენლებმა ტერიტორია რამდენიმე წლის წინ “კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფს” მიჰყიდეს, ამ უკანასკნელმა კი სახელმწიფოს მიჰყიდა.
მალევე კორტების ტერიტორია გაჩეხეს და მშენებლობისთვის მოამზადეს. “დინამოს” საწვრთნელი ბაზა დროებით ორთაჭალაში გადაიტანეს. ”გამოგვყარეს, სადისტებივით გვექცეოდნენ. მეორე დილით რომ მივედით, საერთოდ კარი აჭედილი დაგვხვდა”, – იხსენებდა “დინამოს” კორტების ერთ-ერთი მწვრთნელი, თეა მუჩაიძე.
ქალაქის ამ რეკრეაციული ზონის განადგურებას არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე პოლიტიკური პარტია აპროტესტებდნენ. დინამოს კორტების დანგრევის წინააღმდეგ ისინი თბილისის მერიასთან 2010 წლის 22 დეკემბერს შეიკრიბნენ. “თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობდა, რომ ამ ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი მოუხსნეს, 180 ხე მოჭრეს. “რატომ უნდა ააშენო ამ ადგილას მაინცდამაინც რაღაც შენობა? და კონკრეტულად კი, როგორც ვიცი, საჯარო რეესტრის შენობა, რომლის აშენებასაც თავიდან ორთაჭალაში გეგმავდნენ?” – სვამდა კითხვას ელისაშვილი.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენლის, გიორგი ჭანიშვილის განმარტებით, “დინამოს კორტების” სანაცვლოდ თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი შენდებოდა საცურაო აუზ ”ოლიმპიკის” ტერიტორიაზე. მისი მშენებლობა 2011 წლის ზაფხულისათვის უნდა დასრულებულიყო. “იქ იქნება სამი დახურული და ცხრა ღია კორტი და, ცხადია, აღიჭურვება სუპერ-თანამედროვე ინფრასტრუქტურით”, – ამბობდა ჭანიშვილი.
საბოლოოდ, კორტების ადგილას იუსტიციის სახლი აშენდა.