2010 წელს მარტში დამტკიცდა 2010-2011 სასწავლო წლის სკოლის საატესტატო გამოცდების პროგრამები – მეთორმეტეკლასელებს 8 გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ე.წ. კატის სისტემით ჩატარებული გამოცდები უფრო ობიექტურად შეაფასებდა მოსწავლის ცოდნას. მეთორმეტეკლასელებმა ეს ცვლილება ჯერ 5 ნოემბერს გააპროტესტეს, 9 ნოემბერს კი მეთორმეტეკლასელების აქცია პარლამენტის წინ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა . მოსწავლეები განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიდნენ, არ მიუღიათ სათანადო ცოდნა, ამიტომ ვერ ჩააბარებდნენ ამ გამოცდებს. “მერე გაარკვიეს, რომ თურმე სემესტრული სწავლება შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენ სემესტრული სწავლება გამოვიარეთ და, ფაქტობრივად, ცოდნა ვერ მივიღეთ… ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არაფერში დაგვჭირდებოდა ფიზიკა და ქიმია და ეროვნულ გამოცდებზე მაინც გავიდოდით; უცებ კი გაირკვა, რომ თურმე გვჭირდებოდა ის საგნები, რეალურად კი სწავლება არ მიმდინარეობდა“, – ამბობდნენ მოსწავლეები.
პარლამენტის წინ შეკრებილი მეთორმეტეკლასელები მოითხოვდნენ არა საატესტატო გამოცდების მთლიანად გაუქმებას, არამედ გამოცდების გაუქმებას იმ საგნებში, რომლებსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში სრულყოფილად არ ეუფლებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეთორმეტე კლასელების გამოსვლებს ასე უპასუხა: „არ გინდათ გამოცდის ჩაბარება, ნუ გინდათ გამოცდის ჩაბარება, წადით და დაიჭირეთ ხელში ნიჩაბი, წერაქვი და ნამდვილად არ არის დასაძრახი, თუ შენი შრომით არჩენ ხალხს… ჰო, შაშკინს ზუსტად ისეთი „სუსტი“ ნერვები აქვს, რომ ოროსნებს მოგაწყობინებთ რევოლუციას“.
იმავე ღამეს, 9 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია რვა საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების შესახებ. სააგენტოების ინფორმაციით, მათი გათავისუფლება იმ მეთორმეტეკლასელთა აქციებს უკავშირდებოდა, რომლებიც საატესტატო გამოცდების შემოღებას და რვა გამოცდის ჩაბარებას ქუჩის აქციებით აპროტესტებდნენ. თბილისის 149-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მაია გიორგაძის თქმით, განათლების სამინისტროში დაბარებულ დირექტორებს სათითაოდ უშვებდნენ გენერალური ინსპექციის უფროსის კაბინეტში და ავალებდნენ განცხადების დაწერას გათავისუფლების შესახებ. მაია გიორგაძე ერთ-ერთი იყო იმ დირექტორებს შორის, რომელმაც უარი თქვა განცხადებაზე ხელის მოწერაზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობდა, რომ სკოლის დირექტორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია და მათ თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს გათავისუფლების თხოვნით.
12 ნოემბერს თბილისის 149-ე საჯარო სკოლის შემოწმება დაიწყეს, სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მეთორმეტეკლასელებს 19 ნოემბერს კიდევ ერთი აქცია უნდა გაემართათ. ორგანიზატორ მოსწავლეთა წინასწარი გეგმით, აქციაში მონაწილეობა უნდა მიეღო 70 სკოლის ასობით მეთორმეტეკლასელს, თუმცა პარლამენტთან მხოლოდ სამნი შეიკრიბნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ანი მუსხელიშვილმა, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის ჩაშლის მიზეზი მოსწავლეთა სისტემატური დაშინება და შანტაჟი იყო. ანი მუსხელიშვილის თქმით, დირექტორები და პედაგოგები მოსწავლეებს ყოველდღიურად აფრთხილებდნენ, რომ თუ საპროტესტო აქციებში მიიღებდნენ მონაწილეობას, სკოლიდან გარიცხავდნენ და ატესტატის მიღების საშუალებას არ მისცემდნენ.