“ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი”; „არა სიძულვილის ენას“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ 31 მაისს შეიკრიბნენ და მოითხოვეს, საკრებულო დაეტოვებინა ნანა კოსტავას.
მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ არაჰუმანურ პოსტს, რომლითაც მან მიმართა აქტივისტ სალომე ბარკერს, მისი დის, 16 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – 30 მაისს დაწერა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ.
31 მაისს ნანა კოსტავა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის, ასევე, გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. თუმცა, საკრებულოდან მისი გარიცხვის ბერკეტი არ არსებობდა. მას თავად უნდა ეთქვა უარი საკრებულოს წევრობაზე. ის საკრებულოდან წასვლას აპირებდა, თუმცა 3 ივნისს განაცხადა, რომ გადაიფიქრა.
6 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან, განათების ბოძებზე გააკრეს სტიკერები #ნანა, წადი. ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე.
საბოლოოდ, ნანა კოსტავამ ფრაქცია “ქართული ოცნება — კონსერვატორები” დატოვა და ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა.