EN

ჭიათურელი მაღაროელების აქცია

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 15 – 27 მაისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, მარში, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

დაბალი ხელფასი და მძიმე სოციალური პირობები

ორგანიზატორი

კომპანიაში დასაქმებულები

მთავარი მოთხოვნა

ხელფასის მატება, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება.

პროტესტის ადრესატი

შპს ჯორჯიან მანგანეზი

ტრანსპარანტები

“თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!“

პროტესტის შედეგი

თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება ხელფასების გაზრდაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი (შპს ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები) ხელფასის 50%-ით მატების მოთხოვნით 2019 წლის 15 მაისს გაიფიცა. ისინი, ამავდროულად, ითხოვდნენ ჯანდაცვის (სადაზღვევო პირობების) და შრომის პირობების გაუმჯობესებას (უკეთესი კვება) და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, რისთვისაც საჭირო იყო მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა ქალაქში. 

“ჟორჯიან მანგანეზს” 3500-მდე თანამშრომელი ჰყავდა. მაღაროელთა საშუალო ანაზღაურება კი 600 ლარი იყო. პროტესტის გამო გაჩერდა  კომპანიის კუთვნილი თერთმეტივე მაღარო.

17 მაისს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ძირითადი პრობლემები, რომლებსაც მაღაროელები აყენებენ, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები“. იმავე დღეს პარტიამ განცხადებით მოუწოდა კომპანიას, გაეთვალისწინებინა გაფიცულთა „ყველა სამართლიანი მოთხოვნა“. აქვე აღნიშნული იყო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ და მიიღებდნენ ზომებს. ამ დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა სამი დღე ითხოვა მოსაფიქრებლად – ამას პროტესტი მოჰყვა და თხუთმეტმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

გაფიცვის მერვე დღეს, 23 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კომპანიასა და დასაქმებულებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. 24 მაისს გაფიცვის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. 25 მაისს ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელმა მეშახტეებმა. შიმშილობის მეათე დღეს, 26 მაისს კი, ერთ-ერთი მაღაროელი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ კომპანია იზიარებდა პრობლემებს და გაფიცულ თანამშრომლებს „ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებდა“. ამავე დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლების თანამშრომლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს.

უკვე 27 მაისს მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეთანხმებას მიაღწიეს ხელფასების 35%-ით ზრდაზე, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ღონისძიებების, ასევე, კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე და საგაფიცვო პერიოდის ანაზღაურებაზე. იმავე დღის ბოლოს გაფიცვა შეწყდა.

Media

გაფიცვა ჭიათურაში

გაფიცვა ჭიათურაში