2016 წლის 26 -27 დეკემბერი
რეგიონი
სამართალი
აქცია
მოსწავლე რელიგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა დირექტორს.
მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
დირექტორის გადაყენება და მომხდარი ამბის შესწავლა განათლების სამინისტროს მხრიდან
„ჩვენი უფლებები“, „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თეონა ბერიძეს“
დირექტორი არ გადამდგარა, თუმცა განათლების სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო
2016 წლის 23 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხის საჯარო სკოლის ყველა მეთორმეტეკლასელი მუსლიმი გოგონა თავსაფრით მივიდა. ასე გამოხატეს მათ სოლიდარობა თანაკლასელის, თეონა ბერიძის მიმართ, რომელსაც, როგორ ბავშვები ამბობდნენ, დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თავსაფრის მოხდა სთხოვა. თეონა ბერიძემ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა, მობილობით, მოხის სკოლაში ბრუნდებოდა.
“ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, რათა განხორციელებულიყო მობილობა, მაგრამ მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა თანხმობა არ მისცა, იმ მოტივით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავსაფრით სიარული არ შეიძლებაო. დირექტორმა განუცხადა, თუ გინდა, სკოლაში მიგიღო, თავსაფარი უნდა მოიძროო, რაზეც თეონამ უარი განაცხადა”, – ამბობდნენ თეონას თანაკლასელები.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო და ის გაკვეთილებსაც ესწრებოდა, თუმცა მოსწავლეებისთვის ეს საკმარისი არ იყო.
26 დეკემბერს მოხის საჯარო სკოლაში დილიდან მუსლიმი მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ დაესწრნენ. და ითხოვდნენ განათლების სამინისტროს მიერ საქმის შესწავლას და დირექტორის გადადგომას. დირექტორი დისკრიმინაციულ მიდგომას უარყოფდა.
„ჩვენი უფლებები“, „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თეონა ბერიძეს“ – სკოლის ეზოში ამ ტრანსპარანტებით იდგა 70–მდე მოსწავლე. ისინი დირექტორს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ.
2017 წლის 18 იანვარს აუდიტის სამსახურმა სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხის საჯარო სკოლაში თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა.
26.12.2016 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე