2010 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა მცირე მეწარმეებმა გადასახადების შემცირება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ხალხისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერები. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო მცირე მეწარმეების დაკავება და დაჯარიმება, პარლამენტს კი მიეღო კანონი ფიქსირებული გადასახადის დაწესებისა და დამატებული ღირებულების 5%-მდე შემცირების შესახებ.
მეწარმეების პროტესტის მიზეზი გადასახადების ადმინისტრირების გამკაცრება გახდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ერთი თვის განმავლობაში არაერთი მცირე მეწარმე დააჯარიმა. გახშირდა სავაჭრო ობიექტების დალუქვისა და მეწარმეთა დაკავების ფაქტებიც.
პირველად უკმაყოფილება ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა გამოთქვეს. 21 ოქტომბერს გამართულ მცირე მეწარმეთა აქციას ოპოზიციური მოძრაობის „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები შეუერთდნენ, თუმცა სულ მალე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაკეტა. თუმცა ამ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.