2002 წლის სექტემბრის დასაწყისში მერიის შენობის წინ მეტროში მოვაჭრეთა აქცია გაიმართა. შეკრებილები მათთვის მეტროში ვაჭრობის ნებართვის მიცემას ითხოვდნენ. ქალაქის მერმა ვანო ზოდელავამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებდა.
“ჩვენ მეტროპოლიტენში მოვაჭრეებს დედაქალაქის ბაზრობებზე გადასვლა და ერთი თვით გადასახადისაგან გათავისუფლება შევთავაზეთ, მაგრამ ისინი ამას არ თანხმდებიან”, – განუცხადა “ინტერ-პრესს” ვანო ზოდელავამ. მისი თქმით, ქალაქის მთავრობა და მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა, ითვალისწინებს დედაქალაქის საღად მოაზროვნე საზოგადოების პოზიციას და ამიტომ მეტროპოლიტენში ვაჭრობაზე აკრძალვას არ მოხსნის. ზოდელავას განცხადებით, ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებას მოსახლეობა გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან მეტროპოლიტენში ვაჭრობა მგზავრთა უსაფრთხოებასაც ემუქრება.