EN

მრავალშვილიანი დედების აქცია

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2002 წლის 20 აგვისტო – 21 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

მრავალშვილიანი დედები

მთავარი მოთხოვნა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 100-100 ლარის დახმარების მიცემა

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

პროტესტის შედეგი

აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელი შეხვდა და დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში ისინი შემწეობას მიიღებენ

2002 წლის 30 აგვისტოს საარსებო მინიმუმის მისაღებად მრავალშვილიანი დედების აქცია გაიმართა თბილისის მერიის შენობის წინ. ასამდე მომიტინგე ითხოვდა მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. უარის მიღების შემდეგ კი შეკრებილები შეეცადნენ შტურმით შეეღწიათ შენობის შიგნით, ამტვრევდნენ კარებს და ფანჯრებს ქვები დაუშინეს. როგორც “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამი შვილის დედამ, მარინა ჩხაიძემ, აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 100-100 ლარის დახმარების მიცემა, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ თუნდაც იმისთვის, რომ ბავშვების სკოლაში წასვლისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინონ.

მისი თქმით, ეს აქცია არ არის პირველი, 20 აგვისტოს მიტინგი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გაიმართა და მაშინ თბილისის მერი ვანო ზოდელავა დედებს დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. მომიტინგე დედები ამტკიცებენ, რომ თუ მათ მოთხოვნას ამჯერადაც უგულებელყოფს ხელისუფლება, შემდეგი მოქმედებები უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებს. მერიის წინ მოწყობილი აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

მრავალშვილიანი დედების აქცია 21 ნოემბერსაც გაიმართა თბილისის მერიის წინ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მრავალშვილიანი დედების ნაწილმა “თბილისობის” დღესასწაულისთვის 100-100 ლარის ოდენობით შემწეობა მიიღო, ნაწილი კი დაუკმაყოფილებელი დარჩა. მრავალშვილიანი დედები დედაქალაქის მერიისგან ითხოვენ, გიორგობისთვის მაინც დაურიგდეთ შემწეობა.

აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელი შეხვდა და დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში ისინი შემწეობას მიიღებენ. აქციის მონაწილეებმა მერიას იმ ადამიანების სია გადასცეს, ვინც “თბილისობისთვის” თანხა ვერ მიიღო.

Media

მრავალშვილიანი დედების აქცია, 2002 წელი

მრავალშვილიანი დედების აქცია, 2002 წელი

ფოტო: ზაზა ფაჩუაშვილი / გაზეთი "24 საათი"