EN

მძიმედ ავადმყოფი პატიმრის ოჯახის აქცია

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 18 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის მიზეზი

ტუბერკულოზით დაავადებულ 23 წლის პატიმარს არ აძლევდნენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც სასჯელის გადავადებას მოითხოვდა.

პროტესტის ფორმები

აქცია

ორგანიზატორი

პატიმრის მამა

მთავარი მოთხოვნა

ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნის დროულად მიღება

პროტესტის ადრესატი

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

ტრანსპარანტები

”გთხოვთ , ნუ მომიკლავთ შვილს”, “გადავარჩინოთ 23 წლის სოსო წიკლაური”

პროტესტის შედეგი

8 სექტემბერს სოსო წიკლაური საპატიმროდან გაათავისუფლეს.

2011 წლის 18 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, 23 წლის პატიმრის, იოსებ (სოსო) წიკლაურის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 23 წლის ტუბერკულოზით დაავადებული წიკლაურის მამა ზურაბ წიკლაური ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთან შვილის ფოტოსურათებით და პლაკატებით მივიდა, რომელზეც ხელით ეწერა: ”გთხოვთ, ნუ მომიკლავთ შვილს”. 

ზურაბ წიკლაურის თქმით, უკვე 2 თვე იყო, უშედეგოდ ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც შეძლებდა, სასამართლოსთვის თხოვნით მიემართა შვილის სასჯელის გადავადების შესახებ. ზურაბ წიკლაური ექსპერტიზის ბიუროს გულგრილობაში ადანაშაულებდა.

პატიმრის მამა ექსპერტიზისგან ორ დასკვნას ელოდა: რა სიმძიმის იყო მისი შვილის დაავადება და შეეძლო თუ არა, ამ ფორმის დაავადებით საპატიმროში მკურნალობა. იოსებ წიკლაური ხულიგნობისა და იარაღის შენახვა-ტარებისთვის 2 წლით ადრე გასამართლდა და 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მამა ამბობდა, რომ მისი შვილი საპატიმროში ჯანმრთელი შევიდა და იქ დაავადდა. ის ორი თვის განმავლობაში ტუბერკულოზსა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა. ადვოკატ ჯუმბერ მილორავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს გადაადგილება არ შეეძლო, იგი საწოლზე ბორკილებით მიბმული ჰყავდათ. 

ამ ამბავს გამოეხმაურა  პარლამენტში ახლად შექმნილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის”, რომლის თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა, პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა, მოგვიანებით კი, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის წინ აქციას შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაინაცვლეს, სადაც პასუხად მიიღეს, რომ წიკლაურის მდგომარეობის ექსპერტიზის პასუხი მზად არის, მაგრამ ბიუროს ხელმძღვანელის ხელმოწერას საჭიროებს.

როდის მოაწერს ხელს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი დასკვნას?-ამაზე პასუხი აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს.

სახალხო დამცველი ამბობდა, რომ 2010 წელთან შედარებით, პატიმართა დაავადების, ისევე როგორც ავადმყოფობით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალიან მძიმეა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ხდება შუამდგომლობის დაყენება სასამართლოს წინაშე, ან, თუ დადგა შუამდგომლობა, მისი დაკმაყოფილების ალბათობა საკმაოდ დაბალია”, – ამბობდა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. 

2011 წლის 8 სექტემბერს სოსო წიკლაური საპატიმროდან გაათავისუფლეს. პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი ბრიფინგი და აქცია გამართა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის დასჯას მოითხოვდა, რადგან მან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გაცემას თვეზე მეტი დრო მოანდომა.

Media

პატიმრის მამა აქციაზე 2011 წლის 18 აგვისტო

პატიმრის მამა აქციაზე 2011 წლის 18 აგვისტო

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება