2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 18 იანვრამდე
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია, პიკეტი
კირნათი ჰესის გამო საკუთრების ექსპროპრიაცია დაიწყო
სოფელ მარადიდის მცხოვრებნი
ქონება საბაზრო ფასში შესყიდულიყო, და ამავდროულად კომპენსაცია მიეღოთ იმათაც, ვინც სოფელში რჩებოდა
ხელისუფლება
“ჩალის ფასად არ დავთმობთ საკუთრებას”, “ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი მოსახლეობის ინტერესები უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ინვესტორების”
ოჯახების ნაწილი შეთანხმდა საკუთრების შეძენის ფასზე
სახელმწიფო უწყებამ კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრები 34 მოქალაქის იმ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა, რომელიც „კირნათი ჰესის“ მშენებლობის არეალშია მოხვედრილი. მარადიდელები ამბობდნენ, რომ მდინარე ჭოროხზე ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“ მათ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 18 ლარსა და 20 თეთრს სთავაზობდა. მარადიდელებისთვის ეს შეთავაზება მიუღებელი იყო, რადგან, მათი თქმით, საკუთრების შეფასებისას არ იყო გათვალისწინებული მიწაზე არსებული ნარგავები და არც ის საქმიანობა, რომელიც მარადიდელების ძირითადი შემოსავლის წყარო იყო. ამიტომ ისინი 2019 წლის 11 დეკემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან შეიკრიბნენ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. “ჩალის ფასად არ დავთმობთ საკუთრებას”; “ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი მოსახლეობის ინტერესები უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ინვესტორების” – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
მარადიდელებთან მოლაპარაკებას სწორედ ეს უწყება აწარმოებდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ორი კვირით ადრე სოფლის ათამდე მკვიდრი თბილისში, სამინისტროში ჩავიდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. როგორც აქციის მონაწილე ამბობდა, მარადიდში დაბრუნებულებს წერილობით შეატყობინეს საკუთრების ექსპროპრიაციის შესახებ.
34 მოქალაქის საკუთრების ექსპროპრიაციის ბრძანებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 3 დეკემბერს მოაწერა ხელი. მათ შორის არიან მარადიდელები, რომლებსაც მიმდინარე წლის დასაწყისში კუთვნილი მიწის ნაკვეთები ჰესის სამშენებლო სამუშაოების დროს დაეტბორათ. ამ ფაქტს ადგილობრივები მაშინ საპროტესტო აქციებით გამოეხმაურნენ. მათი მოთხოვნით სახელმწიფო კომისიაც კი შეიქმნა, თუმცა, როგორც ამბობდნენ, უშედეგოდ.
2020 წლის 14 იანვარს მარადიდელებმა ჰესისკენ მიმავალი გზა ცოტა ხნით გადაკეტეს. გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციაზე მისულ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს მარადიდელებმა უთხრეს, რომ თუ მათი მოთხოვნა 10 დღის განმავლობაში არ შესრულდებოდა, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას გზაზე არ გაატარებდნენ და აქციებს აჭარის მთავრობის შენობასთანაც გამართავდნენ. ვარდანაძე მედიატორის როლის შესრულებას დაჰპირდა.
18 იანვარს მარადიდელები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი ითხოვდნენ, რომ მათი ქონება საბაზრო ფასში შესყიდულიყო, და, ამავდროულად, კომპენსაცია მიეღოთ მათაც, ვისი ქონებაც ექსპროპრიაციას არ ექვემდებარებოდა, სოფელში რჩებოდნენ, მაგრამ ტერიტორიები ეტბორებოდა. ადგილობრივების მტკიცებით, რომ ჰესის გამო დაგუბებულმა მდინარემ გარემო პირობები შეცვალა – იმატა ნესტმა და ვეღარც მოსავალს იღებდნენ იმ რაოდენობით, როგორც – წინა წლებში.
2020 წლის 20 მაისს აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ კირნათი ჰესის გამო უკვე დატბორილი და სამომავლოდ დასატბორი ტერიტორიებისთვის კომპენსაცია მოსახლეობას არ მიუღია. დაახლოებით 6 ოჯახი ელექტროსადგურის მშენებელ კომპანიასთან ქონების გამოსასყიდ თანხაზე ვერ შეთანხმდა.
აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ შეხვდა. მთავრობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე დემონსტრანტებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლები დახვდნენ, რის გამოც აქტივისტებმა მოლაპარაკებების მაგიდა მალევე დატოვეს. ამის შემდეგ მათ ბათუმში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დემონსტრანტებს ამის საშუალება არ მისცა.
საბოლოოდ სახელმწიფომ ექსპროპრიაციას დაუქვემდებარა ჰესთან მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული მიწები. 2021 წლის 12 აგვისტოსთვის კირნათი ჰესის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო.ჰესის აშენების შემდეგ მარადიდელები უკვე იმაზე წუხდნენ, რომ მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა საავტომობილო გზა, სტადიონი. 2024 წლის 9 ივლისს გამართულ აქციაზე ისინი ჩიოდნენ, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაპირება 2 წლის წინ მიიღეს, თუმცა დაპირება არ შესრულდა.