2020 წლის 1 აგვისტო
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია
ლაგოდეხელებს წყლის პრობლემები აწუხებდათ
ლაგოდეხის მოსახლეობა
სასმელი წყლის მრიცხველების გაუქმება, დარიცხული გადასახადის ჩამოწერა და უსაფრთხო წყლის მიწოდება
ადგილობრივი ხელისუფლება
კომპანიამ განაცხადა, რომ მრიცხველების დემონტაჟი ვერ მოხდებოდა. დავალიანების დაფარად კი სამი თვიდან სამ წლამდე გადანაწილება შესთავაზა.
2020 წლის 1 აგვისტოს ლაგოდეხის მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა სასმელი წყლის მრიცხველების გაუქმების, დარიცხული გადასახადის ჩამოწერისა და უსაფრთხო წყლის მიწოდების მოთხოვნით. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სარწყავი წყალი არ ჰქონდათ, რის გამოც იძულებული იყვნენ, ნაკვეთების მოსარწყავად გამოეყენებინათ სასმელი წყალი, რის გამოც, თვის ბოლოს, წყლის კომუნალური გადასახადი ას ლარზე მეტი გროვდებოდა, რაც მათთვის ძალიან მაღალი თანხა იყო.
აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა და მას ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ.
„ქალაქ ლაგოდეხს ორი მდინარე აქვს და ტონა წყალზე 42 თეთრს გვიწესებენ. ეს ჩვენი ოჯახების ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ხელისუფლების მხრიდან თავხედობაა. მოხდეს მრიცხველების დემონტაჟი და წყლის გადასახადი ისევ იყოს სულადობის მიხედვით, ოღონდ ეს სულადობრივი გადასახადი უნდა შეესაბამებოდეს მოქალაქეების მძიმე სოციალურ მდგომარეობას“, – განაცხადა აქციაზე საკრებულოს დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ენუქიძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარლო ჯამბურიამ „რეგინფოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზები აღმოფხვრილია და მოსახლეობა დაქლორილ და გაფილტრულ წყალს იღებს. რაც შეეხება ტარიფს, ჯამბურიას თქმით, მის შემცირებაზე მსჯელობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ.
მისივე თქმით, სარწყავი არხები მოსახლეობის ნაწილს გაუყვანეს, ნაწილი კი ამ სისტემაზე ჯერ არ გადართულა.
აქციის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიამ განაცხადა, რომ მრიცხველების დემონტაჟი ვერ მოხდება. რაც შეეხება დავალიანების გადახდას, კომპანიამ აბონენტებს ვალის სამი თვიდან სამ წლამდე გადანაწილება შესთავაზა.
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, პროტესტის ნიშნად წყლის საფასურს არ გადაიხდიდნენ.