2021 წლის 19 იანვარი – 2023 წლის 30 მარტი
თბილისი
სოციალური პრობლემები
აქცია, გაფიცვა
ანაზღაურების შეცვლილი პირობები
ბოლტის, ვოლტის და გლოვოს კურიერები
სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
კომპანიების ხელმძღვანელობა
თბილისში, სადაც ყველაზე მეტი კურიერია დასაქმებული, პერმანენტულად აპროტესტებდნენ დასაქმებულები სამუშაო პირობებს. კვების ობიექტებიდან გამოძახების თუ ამანათების მიტანის სერვისს რამდენიმე კომპანია სთავაზობდა მომხმარებლებს. მათ შორის იყო: ესპანური კომპანია “გლოვო” (Glovo), ესტონური “ბოლტ ფუდი” (Bolt Food), ფინური “ვოლტი” (Wolt) და რუსული კომპანია “იანდექსი”. კურიერებს უმეტესაც შრომითი ხელშეკრულება არ ჰქონდათ და კონტრაქტორებად ითვლებოდნენ.
კურიერები უმეტესად ჩიოდნენ, რომ ვერ იღებდნენ შრომის სათანადო ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. აქციები გაიმართა სხვადასხვა დროს.
2021 წლის 29 იანვარს „გლოვოს“ ოფისთან შეიკრიბნენ კურიერები და სამუშაო პირობები გააპროტესტეს. ისინი სტვენითა და შეძახილით „გამოდი“ მოითხოვდნენ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. კურიერები ამბობდნენ, რომ კომპანია „ჯიბეში უყოფს ხელს“, რადგან აპლიკაცია, რომელსაც ამანათის მისატანად იყენებდნენ, კილომეტრებს ზუსტად არ ითვლიდა და ანაზღაურება აკლდებოდათ. გლოვოს ხელმძღვანელობამ აქცია განცხადებით უპასუხა, სადაც თქვა – “პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა”.
2021 წლის 16 მაისს „გლოვოს“ კურიერები პროტესტის გამოსახატად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ამჯერად გააპროტესტეს შეცვლილი საბონუსე სისტემა, შრომის დროის შემცირება და გავლილი მანძილის გამოთვლის პრინციპის შეცვლა. მათი თქმით, ეს ცვლილება ანაზღაურებას საგრძნობლად შეამცირებდა. ამავე დღეს კომპანიამ 50-მდე კურიერს აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი აპლიკაციის „ბოროტად გამოყენება“ იყო და არა აქციაში მონაწილეობა, როგორც ამას კურიერები ეჭვობდნენ.
ორი დღის შემდეგ კურიერებმა პროტესტის შეწყვიტეს, რადგან როგორც აღმოჩნდა, კურიერების ნაწილი დათანხმდა შეცვლილ პირობებს. “განახლებულ საბონუსე სისტემას არ ვეთანხმებოდით, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ნაწილი დაეთანხმა და გავიდა სამუშაოდ. ნაწილი, ვინც გაფიცული იყო, აზრი აღარ ჰქონდა მათ გაფიცვას იმიტომ, რომ მარტივად ჩაანაცვლებდნენ. ამიტომ ყველა იწყებს ახლა უკვე მუშაობას“, – უთხრა “პუბლიკას” Glovo-ს ერთ-ერთმა კურიერმა
ამ შეცვლილი საბონუსე სისტემის მიხედვით, ყოველკვირეული ბონუსის სანაცვლოდ გლოვერები (კურიერები) საათობრივ ბონუსს მიიღებდნენ. კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ “ახალი სისტემის პირობებში დამატებითი ანაზღაურების გამომუშავება უფრო სწრაფად და მარტივად იქნებოდა შესაძლებელი.
2021 წლის ოქტომბრიდან მედიაში გლოვოს სარეკლამო სტატიები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია “სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს ადგენს” და პროექტის განხორციელებას საქართველოდან და მაროკოდან იწყებდა. პროექტის მოიცავდა კურიერთა სამართლიან ანაზღაურებას, დაზღვევისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
2021 წლის 17 მარტს მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმაც დაიწყეს პროტესტის გამოხატვა. მათ მუშაობა შეაჩერეს და კოსტავას ქუჩიდან ბელიაშვილის ქუჩაზე, კომპანიის სათავო ოფისამდე საპროტესტო მსვლელობითაც მივიდნენ. პროტესტი ანაზღაურების შემცირებას მოჰყვა. კურიერები თითო შეკვეთიდან 7 ლარს იღებდნენ, რაც 4 ლარამდე შეუმცირეს.
23 მარტს 23 მარტს Bolt Food-ის კურიერებმა სპორტის სასახლესთან მორიგი აქცია გამართეს და მოთხოვნები ასე ჩამოაყალიბეს:
კურიერებს კომპანია მეორე დღეს, 24 მარტს გამოეხმაურა და თქვა რომ მათ მიერ დაწესებული გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება ყოველი შეკვეთის შესრულებისას, 50%-ით აღემატება ბაზარზე არსებულ სხვა მიტანის სერვისების პირობას. იმავე განცხადებაში ხელმძღვანელობამ კურიერები გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის, ან პარტნიორი რესტორნების ბიზნეს ოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან”.
ეს მუქარა აღასრულეს კიდეც – ზოგიერთ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდეს, პროტესტის გამო დასჯად აღიქვეს კურიერებმა. მოგვიანებით, 2021 წლის ივნისში, სახალხო დამცველმა ეს ფაქტი დისკრიმინაციად შეაფასა და კომპანიას თანასწორობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა.
კურიერების პროტესტის ახალი ტალღა 2023 წელს დაიწყო, როცა 2023 წლის 5 თებერვალს “ბოლტის” პარტნიორი მძღოლებიც შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, დაბრუნდეს 2023 წლამდე არსებული ტარიფები, შემცირდეს საკომისიო, გაიხსნას ქართული ოფისი და ამოქმედდეს 24 საათიანი ქოლცენტრი. “ბოლტის” მძღოლები ასევე ითხოვენ შორ მანძილზე ფასის დაკომპენსირებასა და ლოდინის ღილაკის დამატებას. “ბოლტის” მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს “ვოლტის” კურიერებმა. თავიანთი აქციის შემდეგ, ისინი ველოსიპედის ძეგლიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მსვლელობით გაემართნენ ტაქსის მძღოლების საპროტესტო შეკრებისკენ.
15 თებერვალს უკვე „ვოლტის“ 200-მდე კურიერი გაიფიცა. ამ მიზეზით აპლიკაციით სარგებლობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერდა. ტარიფების გაზრდასთან ერთად ითხოვდნენ რეგიონული მენეჯერის, ნატალია ხიზანიშვილის გათავისუფლებას, რადგან ამბობდნენ, რომ სხვა კურიერების აქციაში ჩართვის გამო თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრებოდა. Wolt-ის კურიერების ნაწილმა აპლიკაციის გათიშვის და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება 29 მარტს, კურიერთა კონფერენციაზე მიიღეს.
30 მარტს ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც თქვეს, რომ გაფიცული კურიერები სხვა, მოქმედ კურიერებს ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ ბრალდებას უარყოფდნენ კურიერები.
ისინი 2023 წლის 31 მარტსაც შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას ისევ ითხოვდნენ. ისინი ჩიოდნენ რომ პროტესტში მონაწილე კურიერების ნაცვლად კომპანიას ახალი კურიერები აჰყავდა, რაც ხელმძღვანელობამ უარყო და თქვა, რომ ახალი კადრების ასაყვანად პერიოდულად ატარებენ გასაუბრებებს. ბოლტის მსგავსად, ვოლტის კურიერების მიმართაც დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა, რადგან ამ კომპანიამაც ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაცია დაუბლოკა. ამასთან, ომბუდსმენმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა 142 კურიერისთვის გაგზავნილი sms შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.
რადიო თავისუფლებას “ვოლტ ჯორჯიადან” აცნობეს, რომ კომპანია არ აპირებდა აპლიკაციის ჩართვას ამ კურიერებისთვის, არ იზიარებდნენ სახალხო დამცველის შეფასებას და მიიჩნევდნენ, რომ კურიერებთან მათი პარტნიორობა შრომითი ურთიერთობა არ არის.
ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"