EN

ბულვარი ჩვენია!

left arrow

2021

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 23 იანვრიდან 13 მარტამდე

პროტესტის გავრცელება

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

ურბანული

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი შენობის აშენების ნებართვა გაიცა

ლიდერები/ორგანიზატორი

“ბათომი”

მთავარი მოთხოვნა

შეჩერდეს მშენებლობა

პროტესტის ადრესატი

აჭარის ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“არ დავთმობთ ბულვარს”

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა არ შესრულდა. დაგეგმილი 16 სართულის ნაცვლად 21 სართული აშენდა

2021 წლის 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. კომპანიამ 2020 წელს, ანუ საარჩევნო წელს სცადა 15-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება. მაშინ მას უარი უთხრეს. თუმცა, 2021 წელს, პირველივე სამუშაო კვირას, ამ კომპანიას მისცეს ბულვარში უკვე ერთი სართულით მეტი – 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება, რამაც ბათუმელების პროტესტი გამოიწვია. ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და დაუშვებლად მიიჩნევდნენ იქ სასტუმროს მშენებლობას. 

23 იანავრს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან, მშენებლობის გასაპროტესტებლად  აქცია გაიმართა. მოგვიანებით კი ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო

 #ნუ დათმობ ბავშვობას  #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია  #მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და იქ მშენებლობის  მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საოჯახო ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

მოძრაობამ „დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციაც შეადგინა. მოთხოვნას „შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“  5 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, მშენებლობა დაიწყო. 21 თებერვალს აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად სამშენებლო არეალის შემოსაზღვრული ღობის ნაწილი მოარღვიეს. მეორე დღეს ისინი კომპანია ,,ამბასადორის” ბათუმის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ აქციაზე არავინ გამოჩენილა, რამაც დემონსტრანტების გაღიზიანება გამოიწვია. მათ პროტესტი მშენებლობის ღობეზე ხელების ბრახუნითა და ხმაურით გამოხატეს.

აქციის მონაწილეებსა და მშენებლობის დამცველ პოლიციელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა იყო.

2 მარტს აქტივისტები აჭარის განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართეს,  ბათილად ეცნო ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან შენობაზე გაცემული ნებართვა და ამით შეეჩერებინა მშენებლობა. 

“არ დავთმობთ ბულვარს” – დიდი ზომის ბანერი ჰქონდათ დემონსტრანტებს მიტანილი სამინისტროსთან. თუმცა, 9 მარტს, ცნობილი გახდა, რომ  მაია ხაჯიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა. 13 მარტს ბათუმელებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მშენებლობა. ამ დღეს აქციას მუსიკოსებიც შეუერთდნენ.

მშენებლობა მოძრაობა “ბათომმა” არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს დახმარებით სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

13 მარტს აქტივისტებმა კიდევ ერთი აქცია პერფორმანსი გამართეს. სამშენებლო ღობეზე წარწერები დატოვეს, კარვები გაშალეს და ველოსიპედები დააყენეს, იმისთვის რომ, როგორც აქტივისტმა აზა გაბუნიამ თქვა, ყველას გაეთავისებინა: ბულვარი არის რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი და სასეირნო ადგილი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკის შუაგულში მშენებლობა დაუშვებელია.

ამასობაში, პარალელურად, მშენებლობა გრძელდებოდა. 18 სექტემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებამ შეიტყო ისიც, რომ კომპანია სიმაღლეში კიდევ უფრო გაზრდილ – ამჯერად უკვე 17-სართულიან სასტუმროს აშენებდა. შემდეგ წლებში კვლავ განაგრძეს ნაგებობის სიმაღლეში ზრდა. 2022 წლის 5 ოქტომბრისთვის შენობა უკვე 21-სართულიანი (3 მიწისქვეშ) იყო.

Media

მოთხოვნას „შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“  5 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა

მოთხოვნას „შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ 5 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა