EN

აქცია კარტოგრაფების საქმეზე

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 27 ნოემბერი – 2021 წლის 28 იანვარი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

დააკავეს კარტოგრაფები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვა

ორგანიზატორი

ორგანიზაცია “სირცხვილია”

მთავარი მოთხოვნა

კარტოგრაფების გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

თავისუფლება პოლიტპატიმრებს

პროტესტის შედეგი

კარტოგრაფები გირაოთი გაათაისუფლეს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთმა დაკავებულმა ბრალი არ აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარი თქვა.

მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი – საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

მედიაში ეს საქმე ცნობილი იყო როგორც “კარტოგრაფების საქმე”. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ. მათი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევდა, რაც, მათი შეფასებით, ამორალურობის ახალი საფეხურია „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი. სწორედ ამიტომ 2020 წლის 27 ნოემბერს აქცია კარტოგრაფების საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვეს. 

შეკრებილებს სჯეროდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საპარლამენტო არჩევნების წინ, საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის “გარეჯი საქართველოა” გაძლიერებისთვის დააკავა. 

“გარეჯი საქართველოა” ეწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერს. 2020 წლის არჩევნებისთანავე წარწერა გაქრა. ამ კამპანიის და კარტოგრაფების საქმის შესახებ მანიპულაციური პოსტების რეკლამირებაში სოლიდური თანხა დაიხარჯა ფეისბუქში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებაში წერია, რომ “მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.”

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეუგროვეს. სასამართლოში განხილვის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია კარტოგრაფების საქმეზე მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით გაიმართა.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები მივიდნენ. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები დაკავებულ კარტოგრაფებს პოლიტპატიმრებად  მიიჩნევდნენ.

2025 წლის სექტემბრისთვის ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ იყო გამოცხადებული.

Media

აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

27 ნოემბერი, 2020 წელი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება