EN

იპოდრომის გადასარჩენად

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 6 ოქტომბრიდან დღემდე

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ურბანული

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი პარკის მაკეტის გასაჯაროება

ორგანიზატორი

„იპოდრომი – უბეტონო მხარე“

მთავარი მოთხოვნა

პარკის რეაბილიტაციაში საზოგადოების ჩართვა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ტრანსპარანტები

„მეტი მწვანე, ნაკლები ბეტონი“, „არა ხელოვნურ ბუნებას“, იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, “სიმწვანეს ვერ დააბეტონებთ”, “იპოდრომი არის უბეტონო მხარე”

პროტესტის შედეგი

მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ არც პროექტი გაჩერებულა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე, 5 ოქტომბერს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია დაუბრუნა. მაშინ ითქვა, რომ 36 ჰექტარზე ივანიშვილს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დედაქალაქის ცენტრალურ პარკს გააშენებდა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, მას მადლობა გადაუხადა. კალაძემ თქვა, რომ პარკის ტერიტორიაზე განთავსდებოდა: იაპონური ბაღი; საგანმანათლებლო ცენტრი; პანორამული პლატფორმა; ხელოვნური ტბა (გუბურა); ამფითეატრი; ბოტანიკური ბაღი; შადრევანი და პანორამული ხიდი; კვების ზონა და მთავარი მდელო; ფრანგული ბაღი; ძაღლების სასეირნო სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყო.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფისთვის მაკეტით გათვალისწინებული პარკის მოწყობის გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან გათვალისწინებული იყო პარკში ბეტონის საფარით ბილიკების გაყვანა და ისეთი გამწვანებული სივრცეების მოწყობა, რომელში გავლაც დამსვენებელს არ შეეძლებოდა. აქტივისტები პროექტის ნაკლოვან მხარეთა შორის რამდენიმეს განსაკუთრებით გამოყოფდნენ:

  • სპორტულ სივრცეებზე 15-ჯერ მეტი ფართი უნდა დათმობოდა პარკინგს;
  • მნიშვნელოვან ნაწილზე უნდა მოწყობილიყო მყარი საფარის ბილიკები;
  • უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო მუდმივი ნაგებობები კაფე-რესტორნებისთვის და საგანმანათლებლო ცენტრისთვის;
  • პარკს უნდა ჰქონოდა მოკირწყყლული და მობეტონებული სივრცეები;
  • ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაეთმობოდა ფრანგულ ბაღებს. ეს კი მიუღებლად მიაჩნდათ, რადგან ასეთი ბაღი იქნებოდა „მეტწილად სანახაობრივი ბუტაფორია, რომელშიც სეირნობა მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ბილიკებზეა შესაძლებელი“.

ერთ-ერთი პირველი აქცია ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის  6 ოქტომბერს გამართა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორიის ნაწილი საკუთრებაში დატოვა და სრული სივრცე რეკრეაციულ ზონას არ დაეთმობოდა. 

შედარებით უფრო გვიან, 2021 წლის აპრილიდან გააქტიურდა როგორც სოციალურ ქსელში, ისე – აქციებზე მოძრაობა „იპოდრომი – უბეტონო მხარე“.  მათი პირველი აქცია 2021 წლის 10 აპრილს გაიმართა. მოძრაობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო ალტერნატიული პროექტის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ქალაქის, უბნისა და იპოდრომის განაშენიანების სპეციფიკა, რადგან მოქმედი გეგმით იკარგებოდა გაშლილი სივრცე და ცენტრალური პარკებისთვის დამახასიათებელი მაქსიმალურად ბუნებრივ ლანდშაფტთან მიახლოებული გარემო. განსხვავებების საილუსტრაციოდ ფეისბუკგვერდზე „იპოდრომი უბეტონო მხარე“  ქვეყნდებოდა სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური პარკებისა და თბილისში გათვალისწინებული პარკის ფოტოები.

იპოდრომის სივრცის ხაზგასასმელად ერთი აქცია პიკნიკის ფორმატით გაიმართა 2021 წლის 25 აპრილს. აქციის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. აქცია-პიკნიკი მოეწყო 7 მაისსაც. საინიციატივო ჯგუფმა დედაქალაქის მერიასაც მიმართა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია მოითხოვა. 

სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა 12 სექტემბერსაც. უკვე 28 სექტემბერს ამავე საინიციატივო ჯგუფმა საჯარო დისკუსია გამართა იპოდრომზევე. უკვე მომდევნო წელს – 2022 წლის 6 ივლისს – კიდევ ერთ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა იპოდრომის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან  დაასუფთავეს.

2022 წლის 22 ივლისს თბილისის მერმა საზოგადოებას უთხრა, რომ პარკის პროექტირების გეგმა შეიცვალა და საბოლოო დეტალებზე მიმდინარეობდა მსჯელობა – იაპონური და ფრანგული ბაღების ნაცვლად კი მოეწყობოდა მწვანე მდელოები (მაშინვე გაირკვა, რომ სამუშაოები აღარ ტარდებოდა). საპასუხოდ მოძრაობამ განაცხადა, რომ საჯარო სივრცის მოწყობაზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი და დაუშვებელი იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. 

2024 წლის 14 ივნისს თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობის პროექტს  დაუჭირა მხარი. კომპანიას სამუშაოების დასაწყებად განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცებოდა. ტერიტორიაზე იგეგმებოდა შვიდი შენობის აშენება. მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი იქნებოდა, ყველაზე მაღალი კი – 79-სართულიანი. იქვე იყო გათვალისწინებული 5,500 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა. 

იპოდრომის ტყის ტერიტორია, რის გამოც ჯერ კიდევ 2020 წლის 6 ოქტომბერს აქცია „ევროპულმა საქართველომ“ გამართა, 2023 წლის 27 ოქტომბერს ივანიშვილს ფონდმა „ქართუმ“ 85 მილიონ დოლარად მიჰყიდა შპს „ცენტრალ პარკ ავენიუს“. ეს კომპანია ამ ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა (მისი დირექტორი ვასილ ფხაკაძეა, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „ბიოგრაფის“ დირექტორიცაა. ეს ჯგუფი მის მამას, ლევან ფხაკაძეს და ბიძას – სოსო ფხაკაძეს ეკუთვნის).

იპოდრომის ტყე სარეკრეაციო ზონა იყო. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, იქ იკრძალებოდა ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. ამიტომ კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც ითხოვდა. 2024 წლის 24 ივნისს ამ ტერიტორიის ნაწილს სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი მოუხსნეს, რის შემდეგაც მშენებლობა ნებადართული გახდა.

როგორც კომპანიის მიერ გასაჯაროებული პროექტიდან გაირკვა, დაიგეგმა ტერიტორიის ორ ნაწილად გაყოფა, პირველ ნაწილზე – სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობების განთავსება, მაქსიმუმ 25-სართულიანი ნაგებობებისა; მეორე ნაწილზე კი, უმეტესად, სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციების გადანაწილება. იქ შენობების მაქსიმალურ სიმაღლედ 79 სართული განისაზღვრა. არადა, მანამდე თბილისის მერია მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ   იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი მოეწყობოდა.

2024 წლის 19 ივნისს თბილისის საკრებულოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა იპოდრომის ტყეში ახლა უკვე ცათამბჯენების დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაზე იყვნენ პოლიტიკოსებიც და აქტივისტებიც.  ბანერებზე ეწერათ: “იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”; “სიმწვანეს ვერ დააბეტონებთ”; “იპოდრომი არის უბეტონო მხარე”.

ოპოზიციამ ცათამბჯენების მშენებლობა სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა სასამართლო განხილვა გადაიდო. 2024 წლის 31 დეკემბერს  შპს ცენტრალ პარკ ავენიუს წარმომადგენელმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს 2 პროექტი წარუდგინა და სარეკრეაციო ზონა 1-ში მშენებლობის ნებართვა ითხოვა.  ამჯერად მშენებლობის ნებართვას მხოლოდ 2 შენობაზე ითხოვდნენ. თავდაპირველი პროექტი შეიცვალა – 2 სართულით მოიკლო სიმაღლემ და ფორმა იცვალა შენობამაც. მიწის ზემოთ ერთი შენობა იქნებოდა 157 მეტრი, ხოლო მეორე – 110 მეტრი

მოქალაქეები 2025 წლის 16 იანვარს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ, ისინი ისევ აპროტესტებდნენ დაგეგმილ მშენებლობას. მათი და მუსიკალური პროფკავშირების ორგანიზებით ბოლო აქცია და კონცერტი 2025 წლის 25 იანვარს გაიმართა.   

2024 წლის 31 დეკემბერს შეტანილი პროექტი 2025 წლის სექტემბრისთვის კვლავ განხილვის ეტაპზეა. არქიტექტურის სამსახური კომპანიას მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დეტალებს აზუსტებინებს. 

Media

აქცია თბილისის მერიასთან

აქცია თბილისის მერიასთან

19.06.2023 ფოტო: რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა აქცია საკრებულოსთან

მოქალაქეთა აქცია საკრებულოსთან

19.06.2024 ფოტო: სალომე ჩადუნელი, რადიო თავისუფლება

მაკეტი პარკისა, რომელიც იპოდრომის ადგილას უნდა გაშენებულიყო

მაკეტი პარკისა, რომელიც იპოდრომის ადგილას უნდა გაშენებულიყო

ფოტო: პირველი არხი

მაკეტი კორპუსებისა, რომელიც პარკის ნაცვლად უნდა აშენდეს

მაკეტი კორპუსებისა, რომელიც პარკის ნაცვლად უნდა აშენდეს

ფოტო: BMG

ტერიტორია იპოდრომთან სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება

ტერიტორია იპოდრომთან სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება

ფოტო: არქიტექტურის სამსახურის რუკიდან