EN

ID ბარათების წინააღმდეგ

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2013 წლის 21 აპრილი – 2014 წლის 10 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ID ბარათების გაცემის დაწყება

ორგანიზატორი

სასულიერო პირები

მთავარი მოთხოვნა

ალტერნატიული პირადობის მოწმობების გაცემა

პროტესტის ადრესატი

იუსტიციის სამინისტრო

პროტესტის შედეგი

დროებით შეზღუდული ვადით გაიცემა ე.წ. ალტერნატიული პირადობის მოწმობები

საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე რელიგიური გრძნობების გამო არ იღებდა ელექტრონულ პირადობის მოწმობას (ID ბარათს). ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები გაიცემოდა 2011 წლამდე, შემდეგ კი სრულად ელექტრონული დოკუმენტების გაცემა დაიწყო. 

2013 წელს ხელისუფლებაში  “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ახალ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სასულიერო პირებმა 30 ათასი ხელმოწერა წარუდგინეს. მათი თქმით, „ადამიანის ყველა ნაბიჯი ID ბარათზე აისახება – თუ სად შეხვედით დღის მანძილზე, სად იმოძრავე, სად რა შეიძინე, სად რა გააკეთე და ა.შ. და მის გარეშე ფაქტობრივად აღარ შეგიძლია ცხოვრება და მთავარი ღირებულება –  ადამიანის ნება – იბღალება იმით, რომ ის მართვადი ხდება, ხდება ზომბირებული“. 

იგივე ეჭვები გამოითქმოდა მაშინაც, როცა პირველად დაიწყო საქართველომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა. იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ამ ეჭვებზე საპასუხოდ  2011 წლის 14 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობის სერიაში 666 (რასაც ეშმაკის ნიშნად მიიჩნევს ადამიანთა ნაწილი) ამოიღეს.

ID ბარათების წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია სასულიერო პირების, მრევლისა და მათი თანამოაზრეების მონაწილეობით 2013 წლის 21 აპრილს გაიმართა თბილისში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან. აქციები იმართებოდა სხვა დროსაც, მაგალითად, იმავე წლის 29 სექტემბერს, ალტერნატიული პირადობის გაცემის მოთხოვნით, თბილისისა და ქუთაისის  იუსტიციის სახლებთან. წლის ბოლოს, 3 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობის დროს, ძლიერმა ქარმა თბილისის იუსტიციის სახლის ფრაგმენტი დააზიანა და ძირს ჩამოაგდო. ეს „მართლმადიდებელთა კრებულის“ წარმომადგენელმა ზაზა ნანობაშვილმა „ნიშნად“ აღიქვა.

ID ბარათების წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო აქცია, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტში იძებნება, 2014 წლის 10 მარტს გაიმართა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მათ დააანონსეს დიდი მარხვის შემდეგ აქციების გამართვა.

2019 წლის 25 თებერვალს ალტერნატიული პირადობის მოწმობების გაცემის დასაკანონებლად საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა მოქალაქეთა მცირე ჯგუფზე ლამინირებული პირადობის მოწმობები შეზღუდული მოქმედების ვადით მაინც გაიცემოდა.

Media

მრევლი ID ბარათების წინააღმდეგ

მრევლი ID ბარათების წინააღმდეგ

ფოტო: კადრი ვიდეოდან