2013 წლის 23 მარტს 1 წლის გოგიტა აბაშიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირდა, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ.
გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
“4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო”, – თქვა ექიმმა.
ამ ამბის გავრცელებიდან მალევე, ქუთაისში, სადაც იმ დროს პარლამენტის შენობა მდებარეობდა, ხალხი შეიკრიბა. განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და თქვა, რომ ტრაგიკულმა ფაქტმა სახელმწიფო სტრუქტურებს უფრო თვალსაჩინოდ უნდა დაანახოს სოციალური დაცვის სისტემის იმგვარად რეფორმირების აუცილებლობა, რომელიც გაითვალისწინებს როგორც ბავშვთა, ისე ყველა სხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებს.
რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა მეორე დღეს თბილისში მეტრო “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით “ბავშვის შიმშილი არის სირცხვილი”, “ირღვევა ბავშვთა უფლებები”, “ყველა ბავშვი, ყველას ბავშვია” “”ნუ დახოცავთ ჩვენ შვილებს თქვენი სკამებისთვის” და ა.შ
აქციამ მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა, სადაც სოციალურად დაუცველთა პრობლემის აქტიური გაშუქება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების მცდელობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეეღწიათ, დაცვის წინააღმდეგობა მოჰყვა.
საპროტესტო აქცია დაახლოებით ხუთ საათში დასრულდა, მას შემდეგ მონაწილეების ნაწილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელ ლევან გახელაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქ შოუებში სოციალურად დაუცველთა პრობლემები გაშუქდებოდა.
ამ ფაქტს საზოგადოების დიდი გამოხმაურება და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყოლია. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე, პასუხისმგებლობა სოფლის ექიმს დაეკისრა და მას ლიცენზია 4 თვით შეუჩერეს.