1991 წლის 7 იანვარს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცემულ ბრძანებულებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოში. ამ დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსრკ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ოლქის ავტონომიის გაუქმების შესახებ, ამიტომ მოუწოდებდა საზოგადოებას, არ დამორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, გორბაჩოვი ითხოვდა, რომ სამი დღის განმავლობაში გაეყვანათ შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რათა იქ მხოლოდ საბჭოთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები უნდა დარჩენილიყვნენ. გორბაჩოვის ბრძანებულების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო.
9 იანვარს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის საამწყობო საამქროში დასაქმებულებმა მიტინგი გამართეს. სიტყვით გამოვიდნენ გამომცემლობის დირექტორი, ასოთამწყობი, დამკაბადონებელი, ლინოტიპისტი და სხვა თანამშრომლები. მათ გორბაჩოვის ბრძანებულება შეაფასეს, როგორც სუვერენული საქართველოს სახელმწიფო საქმეებში უხეში ჩარევა და ქართველი და ოსი ერების დაპირისპირების პირდაპირი მოწოდება. იმავე მიზეზით, მიტინგი ჩატარდა საგაზეთო კორპუსშიც და მონაწილეებმა მიმართვაც გაუგზავნეს სსრკ პრეზიდენტ გორბაჩოვს.
ასევე “სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეებში უხეშ, არაკონსტიტუციურ ჩარევად” შეაფასეს მეორე დღეს უნივერსიტეტის (იგულისხმება თსუ) ეზოში შეკრებილმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმაც. მომიტინგეებს შორის იყვნენ ორგანიზაცია “სვანეთის” წარმომადგენლებიც, სვანეთიდან ჩამოსული ათასამდე ადამიანი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქართველო ორი არჩევანის წინაშე დადგა – თავისუფლება ან მონობა.
მიტინგის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოში მცხოვრებ ოსებს, თავად წარუძღვნენ წინ ქართველ ხალხს სამაჩაბლოში (ასეა მოხსენიებული ეს მხარე საგაზეთო სტატიაშიც), “რათა გონგადასულ ძმებს კეთილგონიერებისაკენ მოუწოდონ”. მომიტინგეებმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისგან გორბაჩოვის 7 იანვრის ბრძანებულების გაუქმება მოითხოვეს. მომიტინგეების მიერ მიღებულ დადგენილებაში ეწერა ისიც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი “მთელ ქართველ ხალხთან ერთად გამოაცხადებენ ეროვნულ დაუმორჩილებლობას”.
პრესაში ქვეყნდებოდა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიმართვები გორბაჩოვისადმი, სადაც ამ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვდნენ.
10 იანვარს 7 იანვრის ბრძანებულების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო მოსკოვში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში. პოლიტიკური შიმშილობის მონაწილეებმა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ვალტერ შურღაიამ, ჟურნალისტმა გია თასოევმა და ექიმმა ეთერ შუკვანმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც აპროტესტებდნენ “დიქტატურის დამყარების საფრთხეს” და გორბაჩოვის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულებას. შიმშილობაში მონაწილეობდა 43 ადამიანი. მათ შორის ქართველი, ოსი და ქურთი ეროვნების წარმომადგენლები, ექიმები, მუშები, მეცნიერები და დიასახლისები, უზენაესი საბჭოს ორი წევრი. ხუთმა მათგანმა რამდენიმე დღეში შიმშილობა შეწყვიტა და ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
11 იანვარს ცეკავშირის რიგგარეშე კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა საოლქო სამომხმარებლო კოოპერაციული კავშირი. გაიმართა კავშირში გაწევრიანებულთა კრება და გორბაჩოვის ბრძანებულება მათაც შეაფასეს პროვოკაციულ აქტად და რესპუბლიკის სუვერენიტეტის ხელყოფად და თქვეს, რომ ქართველები და ოსები არ უნდა იყვნენ ჩართულნი ძმათა სისხლისმღვრელ ომში. კრების მონაწილეებმა მოითხოვეს, მათი მკაცრად დასჯა, ვინც ორ ერს შორის შუღლი და მტრობა ჩამოაგდო. კრებამ მიიღო მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასადმი. მიმართვაში ეწერა, რომ ვინც ხელს შეუშლის შიდა ქართლსა და სამაჩაბლოში კანონიერების აღდგენას და შეეცდება ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აშკარად აგრესორია და მის მოქმედებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ თავდასხმას. კრების მონაწილეებმა საპროტესტო წერილი გაუგზავნეს გორბაჩოვსაც და მოსთხოვეს, დროულად გაუქმდეს იურიდიულ საფუძველს მოკლებული დისკრიმინაციული ბრძანებულება.
როგორც შიმშილობის მონაწილე თინა იმნაძე აღნიშნავდა ერთ საგაზეთო განცხადებაში, შიმშილობა შეწყდა “სსრკ პარლამენტის წარმომადგენელთა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ”. შიმშილობა საბოლოოდ შეწყდა 17 იანვარს, თუმცა, 12 მარტის ინფორმაციით, განახლდა აქციები ოთხი მოთხოვნით:
აქციის მონაწილეთა რწმენით, გორბაჩოვის ბრძანებულება საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც ცენტრი (იგულისხმება მოსკოვი) აქეზებდა. მათი აზრით, მოსკოვი ვერ იღებდა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა საზოგადოების სოციალისტური გარდაქმნის გეგმას. აქციის მონაწილენი გორბაჩოვის ბრძანებულებაში ხედავდნენ დიქტატურის დამყარების საშიშროებას და სწამდათ, რომ ის ხალხის და მათი უფლებების შელახვას ისახავდა მიზნად.
გორბაჩოვის ბრძანებულებას ჰყავდა პროტესტის ცალკე მდგომი ერთი მონაწილე – პოეტი ბადრი გუგუშვილი, რომელიც იზიარებდა პროტესტის მონაწილეთა ზოგად მოთხოვნებს, თუმცა, ორ სხვა აქცენტსაც სვამდა: “არც ერთ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული საბჭოთა კავშირის არმიის დამატებითი ნაწილების შემოყვანა საქართველოში” და “შეწყდეს საქართველოში მცხოვრები ჭაბუკების ძალით გაწვევა საბჭოთა კავშირის საოკუპაციო, იმპერიულ არმიაში”. ბადრი გუგუშვილს თავისი მოთხოვნები გაგზავნილი ჰქონდა, როგორც სსრკ პრეზიდენტ გორბაჩოვთან, ისე – გაეროში, საქართველოს უზენაეს საბჭოში, საქართველოს ტელევიზიასა და გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”.