EN

გიორგი ზერეკიძის საქმე

left arrow

2007

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2007 წლის 21-22 მარტი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სააპელაციო სასამართლოს მიერ გიორგი ზერეკიძისთვის მკაცრი სასჯელის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას

ორგანიზატორი

ახალი მემარჯვენეები

მთავარი მოთხოვნა

გიორგი ზერეკიძის საქმეზე სამართლიანი განაჩენი

პროტესტის ადრესატი

სასამართლო

პროტესტის შედეგი

შედეგის გარეშე

2006 წელს 14 წლის გიორგი ზერეკიძე ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობისა და ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 6 იანვარს გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე ბეჭის არეში დანით მსუბუქად დაჭრა ერთ–ერთი ფირმის დისტრიბუტორი, 23 წლის ლევან ბოჭორიშვილი. პირველადი ჩვენებით, ზერეკიძე ბოჭორიშვილს ფულს სძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაზარალებულმა 4–ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება და სასამართლო მაინც პირველ ჩვენებას დაეყრდნო. როგორც დაცვის მხარე, ისე სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ გამოძიება სათანადოდ არ ჩატარდა და საქმეს არასწორი კვალიფიკაცია მისცეს. არასრულწლოვანისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის გამო შეშფოთება გამოხატა UNICEF-მაც. ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის 19 მარტს სააპელაციო სასამართლომ ზერეკიძეს 10-დან 7 წლამდე შეუმცირა სასჯელი. 

გიორგი ზერეკიძის საქმე პროტესტის საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სასამართლოს შენობაში მანდატურებთან შეხლა შემოხლის შემდეგ თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი დააკავეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით პოეტი ზურაბ რთველიაშვილი მწერალთა სახლის შენობაში კვირაზე მეტ ხანს შიმშილობდა. 21 მარტს აქციაზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით თბილისში სკოლის მოსწავლეებიც გამოვიდნენ. თბილისის გარდა საქართველოს 8 ქალაქშიც გაპროტესტეს ზერეკიძის სასჯელი. აქცია ოპოზიციური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტი მეორე დღესაც გაგრძელდა. 

ამის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ დამნაშავეებთან ბრძოლა იქნება მკაცრი და ”ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, იქნება იზოლირებული”.

საპროტესტო აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. გიორგი ზერეკიძე ციხიდან 2010 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. რამდენიმე თვეში ისევ დააკავეს, ამჯერად ხულიგნობის მუხლით და 8 წელი მიუსაჯეს. მან ციხე საბოლოოდ 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. გიორგი გოგინაშვილი კი, რომელმაც 10 წელი მიუსაჯა გიორგი ზერეკიძეს, 2018 წელს მოსამართლედ უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშნეს. 

Media

გიორგი ზერეკიძე 2013 წელს

გიორგი ზერეკიძე 2013 წელს

წყარო: რადიო თავისუფლება