2007 წლის ზაფხულში თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის, ეგრეთ წოდებული “დეზერტირების ბაზრის” მოვაჭრეებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. ბაზრის შენობა გაიყიდა და მერიამ მათ სხვა ადგილზე გადასვლა შესთავაზა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა.
ბაზრის ახალმა მესაკუთრემ, ბრიტანულმა კომპანიამ “ჰერალდ ტრეიდ კომპანიმ”, 4 აგვისტოს შენობის დანგრევა ისე დაიწყო, რომ მოვაჭრეების დიდ ნაწილს საკუთარი საქონლის ბაზრიდან გატანის საშუალებაც კი არ მიეცა. მოგვიანებით მოვაჭრეები თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას დასთანხმდნენ.
დეზერტირების ბაზრის დახურვის შემდეგ დაიწყო იქ დასაქმებული მოქალაქეების რეგისტრაცია მათი თბილისის სხვადასხვა ბაზარში გადანაწილების მიზნით. დედაქალაქის მერიამ მოვაჭრეებს, ძირითადად, მუხიანის ახალი სავაჭრო ცენტრი, ”ჩემპიონი 2004” შესთავაზა. მისი ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ დეზერტირების ბაზრის ყველა მოვაჭრის მიღებას შეძლებდნენ და შეღავათებსაც კი დაუწესებდნენ.
თბილისის მერია კი კომპენსაციის სახით დეზერტირების ბაზრის ყოფილ მოვაჭრეებს 100-100 ლარს ჰპირდებოდა.
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა საპროტესტო მოძრაობას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი იოსებ შატბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ის მოვაჭრეთა ერთ ნაწილთან ერთად დეზერტირების ბაზრის გაყიდვის წინააღმდეგ გამოდიოდა. არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ბაზრის შენობის დახურვის დღეს პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად, 6 მოვაჭრე დააკავეს. მათგან ორი მალევე გაათავისუფლეს. საბოლოოდ, მოვაჭრეებმა მაინც ვერ მოახერხეს დეზერტირების ბაზარში ადგილების შენარჩუნება და მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ახალი კერები გაჩნდა.