2002 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ნავთობკორპორაციის შენობასთან გარემოს დამცველთა აქცია გაიმართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე უნდა გაიაროს, ალტერნატიული მარშრუტით შეიცვალოს. აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბორჯომის ბოთლებში ჩასხმული ნავთი.
“გაჟონვა რომ მოხდეს და მინერალური წყალი დაგვიზიანოს, ამით ხომ დაიღუპება საქართველო და, თუ ააცილებენ ბორჯომის ხეობას, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით”, – ამბობდნენ ადგილობრივები.
30 ნოემბერს გარემოს დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე და “ბრიტიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლები შეთანხმდნენ. ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიებმა ბორჯომის ხეობის უსაფრთხოების დამატებითი პირობებისა და ალტერნატივების წარმოდგენის პირობა დადეს.
2 დეკემბერს სამინისტრომ ნავთობსადენის მშენებლობის ნებართვა გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება საქმეში პრეზიდენტის უშუალო ჩარევით მიიღეს. ბორჯომის ხეობის უსაფრთხოებაზე პირადი პასუხისმგებლობაც ედუარდ შევარდნაძემ იკისრა.