EN

ყოფილი მეომრების შიმშილობა საპატიმროებში

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2002 წლის 5-16 დეკემბერი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

ასობით ყოფილი მეომრიდან მხოლოდ 59-ს შეეხო შეწყალება

ორგანიზატორი

მსჯავრდადებული ყოფილი მეომრები

მთავარი მოთხოვნა

ყოფილი მეომრების პატიმრობიდან გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

შეწყალების კომისია

პროტესტის შედეგი

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია 300-ზე მეტი შესაწყალებელი პატიმრის ახალ სიას განიხილავდა

2002 წლის 5 დეკემბერს სასჯელაღსრულებით დაწესებულებში პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. პროტესტის მიზეზი შეწყალების კომისიის მიერ  3 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის წევრთა უმეტესობა ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლებისგან იმ მეომრების შეწყალება მოითხოვეს, რომლებიც დღეს სხვადასხვა საპატიმროებში იხდიან სასჯელს.

ამ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი დადებითად შეხვდა, რის შემდეგაც საგულდაგულოდ დაიწყო საპატიმროებში მყოფი ნამდვილი მეომრების დადგენის პროცესი. მეომრის მოწმობა 800-ზე მეტმა პატიმარმა წარმოადგინა. თუმცა შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ ნამდვილი მეომრების რიცხვი 250-ს არ აღემატება. მართალია, სია საგულდაგულოდ იყო შერჩეული, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით, შეწყალება მხოლოდ 59 ადამიანს შეეხო.

“მე უბრალოდ ახსნასაც კი ვერ ვუძებნი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას. მის საბოლოო ვერდიქტს უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა თვეების განმავლობაში. შეწყალება მხოლოდ 59 ადამიანს შეეხო. აქედან 19 პირობითად განთავისუფლდა კოლონიებიდან, 25-ს გაუნახევრდა დანაშაული, 15 განსასჯელს კი ერთი წელიწადი მოაკლდა. მართალია ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე ამას ველოდი”, – აცხადებდა თევდორაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.

საერთო ჯამში სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 103 მსჯავრდადებული შეწყალების მოთხოვნით შიმშილობდა.   შეწყალების მუდმივმოქმედ კომისიას უნდობლობას უცხადებდნენ კანონმდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, ისინი კომისიის წევრებს კორუფციაში ანუ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. 

“შეწყალების კომისიის წევრებს რამდენიმე პატიმარზე ვუთხარი, რომ ისინი არ იყვნენ მეომრები. მაგრამ მათ საბუთებში ასეთი რამ აღმოვაჩინე, რომ თითქოს პირადად მე ვადასტურებდი იმას, რომ ის ადამიანები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდნენ”, – აცხადებდა გია ყარყარაშვილი პარლამენტში ამ თემაზე მოწყობილ განხილვაზე და ამბობდა, რომ არ შეუშვეს შეწყალების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ყოფილი მეომრების ბედი უნდა გადაეწყვიტათ.

11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია ამ დღეებში 300-ზე მეტი შესაწყალებელი პატიმრის ახალ სიას განიხილავდა.

2002 წლის 14 დეკემბერს ხონის, გეგუთის, რუსთავისა და ქსნის დაწესებულებებში 62-მა მსჯავრდადებულმა შიმშილობა დროებით იმ პირობით შეწყვიტა, რომ მათ საქმეს შეწყალების სახელმწიფო კომისია ხელახლა განიხილავს, – აცნობეს “მედია-ნიუსს” იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში. შიმშილობის აქციას შეწყალების მოთხოვნით ქალთა კოლონიის 40-მდე მსჯავრდადებული განაგრძობდა, მათ შორის ერთი იყო მეომარი. 

16 დეკემბერს ავჭალაში მდებარე ქალთა კოლონიაში მივიდნენ სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი რუსუდან ბერიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე. პატიმარ ქალებს მათ ამცნეს, რომ საქმეებს გადასინჯავენ და შეწყალების კომისია შესაძლებლობის ფარგლებში ქალებს სასჯელს გაუნახევრებს. ამის შემდეგ პატიმარმა ქალებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

Media

გაზეთი "ახალი თაობა", 2002 წელი

გაზეთი "ახალი თაობა", 2002 წელი