2006 წლის 17 იანვარს თბილისის ცენტრში, კოსტავას 14-ში, განთავსებული ორგანიზაციები – ძირითადად, ტელეკომპანიებისა და გაზეთების რედაქციები გამომცემლობა სამშობლოს შენობის გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც გამომცემლობა „სამშობლო“ აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო. პრივატიზების დეპარტამენტის ცნობით, შენობა, რომელშიც რედაქციები იყვნენ განთავსებულნი 20 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდებოდა. აუქციონის ჩატარების თარიღად 2006 წლის 3 მარტი იყო განსაზღვრული. თუმცა კოსტავას 14-ში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები იმედს იტოვებდნენ, რომ საპროტესტო გამოსვლებით ხელისუფლებას განზრახვაზე ხელს ააღებინებდნენ.
17 იანვარს გამართულ აქციაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა და წამყვანმა, აქციის მსვლელობისას 200-მდე საყვირი დაარიგა, ხმაურით შეეცადნენ ყურადღების მიქცევას. აქციის მონაწილეებს, სასტვენებისა და სათამაშო საყვირების გარდა, ტრანსპარანტებიც ჰქონდათ. მაგალითად, ჟურნალ “დილის” წარმომადგენელს ეჭირა ბანერი წარწერით „ნუ დაგვიღამებთ “დილას!”
აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ გამომცემლობა „სამშობლო“ ჟურნალისტებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უნდა დაუთმოს. „სამშობლოს“ აუქციონზე გატანით, ათობით გაზეთი და ჟურნალი დაიხურებოდა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტში კი ამბობდნენ, რომ სულ მალე „დილისა“ და კიდევ ასამდე სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ახალი შენობების მოძებნა მოუწევთ. დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე აუქციონის გაუქმებასა და ფასის დაკლებას არ აპირებდა, რაც შესაძლებლობას მისცემდა რედაქციებს, რომ თავად შეესყიდათ შენობა. მედიაორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ შენობის საწყისი ფასი არაბუნებრივად მაღალი იყო და ის რამდენჯერმე აღემატებოდა სასტუმრო ”ივერიის” პრივატიზებაში გადახდილ თანხას.
ჟურნალ-გაზეთებისა და ტელეკომპანიების თანამშრომლებმა 24 იანვარს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ. 6 მარტს, როცა შენობის შეძენის მსურველთა განცხადების მიღების ვადა ამოიწურა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. “ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას არც ჩუქებას, არც შეღავათებს. ჩაატაროს აუდიტი, დაადგინოს შენობის რეალური ფასი და მოგვცეს მასმედიას საშუალება, რომ შევისყიდოთ პირდაპირი წესით”, – ამბობდა ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობა “სამშობლოს” პრივატიზაციისთვის გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან მისი შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.
ამის შემდეგ სახელმწიფო წლების განმავლობაში ცდილობდა შენობის პრივატიზებას, თუმცა ვერ მოახერხა ფასის დაწევის მიუხედავად. 2007 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „კავკასიასა“ და 90-მდე სხვა ორგანიზაციას მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შენობა იძულებით დაატოვებინა. 2010 წელს გამოასახლეს შენობაში მცხოვრები დევნილებიც. მხოლოდ 2011 წელს ხელისუფლებამ შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა შპს სითი ლოფტს. შენობაში მოგვიანებით სასტუმრო “სტამბა”, “რუმსი” და სხვა საოფისე ფართები განთავსდა.