2014 წლის 10 იანვარს მოძრაობამ „პარტიზანული მებაღეობა“ თბილისის მერიის შენობასთან ვაკის პარკში, ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა. ეს იყო მორიგი აქცია “ბუდაპეშტის” წინააღმდეგ, რომლის აშენების იდეასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ.
10 იანვარს სოციალური ქსელით ორგანიზებულ საპროტესტო აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი შეუერთდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი ამბობდა, რომ პროტესტის მიუხედავად ვაკის პარკში სასტუმრო აუცილებლად აშენდებოდა.
„ვაკის პარკის” გადასარჩენად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ხელში ტრანსპარანტებით „მერია მეტასტაზია, მერია ჩვენი მტერია“, „ხერხს – ჟანგი, ხალხს – ჟანგბადი“ და სხვა. თბილისის მერიის შენობის წინ შეკრებილები სარეკრეაციო ზონაში შვიდ სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატoრები მიიჩნევდნენ, რომ თბილისის მერიამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება და საკრებულოს მხარდაჭერით გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა ვაკის პარკის სარეკრეაციო სივრცეს. მათი თქმით, ეს ამბავი საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების მაგალითი იყო.
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ირწმუნებოდა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული. მისი თქმით, 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადა იყო დაგეგმილი, ქალაქს კი სასტუმროები აკლდა, ამასთან, “როცა სამუშაო ადგილების შექმნაზეა საუბარი, ძნელია, არჩევანი მხოლოდ გარემოს შენარჩუნების სასიკეთოდ გაკეთდეს”.
ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობას წინააღმდეგ აქციები პერმანენტულად გაგრძელდა. პარკის ტერიტორიაზე გაშლილი იყო კარავი, სადაც აქტივისტები მორიგეობდნენ. სამოქალაქო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის და პერმანენტული აქციების შემდეგ კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. თუმცა, მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს დაუსვა წერტილი. სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განკარგულება, შესაბამისად, ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა და პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ისევ ააშენებდა.
2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ვაკის პარკმა გაიმარჯვა“ და ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აღარ აშენდება. კახა კალაძის თანახმად, ინვესტორთან შეთანხმდნენ ადგილმონაცველობის საკითხზე და არა კომპენსაციის გაცემაზე.
ამ განცხადებიდან 1 წლის თავზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ამბობდა, ისევ ვაკის პარკის ტერიტორიაზე იწყებდა მშენებლობას და პარალელურად საეთაშორისო არბიტრაჟს ზარალის ანაზღაურებისთვის მიმართავდა, რადგან ტერიტორიის შეთავაზების გარდა, ინვესტორისთვის საინტერსო არც ერთ წინადადებას მერია არ დათანხმდა.
ინვესტორთან შეთანხმების პროცესი კვლავ გაიწელა. 2022 წლის 21 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ არაშენების სანაცვლოდ, სასტუმროსთვის განკუთვნილი ტერიტორიის მეპატრონეს თბილისის მერიამ 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადასცა, ერთი ლისის ტბასთან, მეორე – კრწანისში. კრწანისის ნაკვეთი მერიამ ერთი თვით ადრე ამოიღო ტყის ფონდიდან.