2024 წლის 12 ივლისს „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მათ გაფიცვაში ეხმარებოდა „ლაბორი“ (აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი). პროფკავშირების ცნობით, პროტესტს უერთდებოდა 4621 ადამიანი (კომპანიის ცნობით კი – 700-მდე). სახელდახელო კარვები მოეწყო კომპანიის შენობის შესასვლელთან.
„ევლოუშენ საქართველო“, რომელიც შვედური კომპანიის – Evolution AB-ის შვილობილი კომპანია იყო, 2018 წელს დაფუძნდა. პროტესტის დაწყების დროს მას 7000-მდე თანამშრომელი ჰყავდა, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელი იყო. კომპანია ონლაინ კაზინოებს ემსახურება და სთავაზობს ლაივთამაშის წაყვანის სერვისს „ევოლუშენის“ სტუდიებიდან.
გაფიცულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს, მათ შორის ძირითადი ნაწილი შეეხებოდა ხელფასის 100%-ით მატებას და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. ისინი საუბრობდნენ მენეჯმენტის მხრიდან შეურაცხმყოფელ, დამცინავ დამოკიდებულებაზეც. ონლაინ მედიაპლატფორმის „მაუწყებლის“ არხზე გავრცელებული მიმოწერის მიხედვით, მენეჯერები დილერებს დასცინოდნენ ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.
თანამშრომელთა გაფიცვის 24-ე დღეს, 5 აგვისტოს, „ევოლუშენ ჯორჯიამ“ საქართველოში მუშაობა დროებით შეაჩერა. გაფიცულები ფიქრობდნენ, რომ ეს მათი პირველი გამარჯვება იყო, კომპანიამ კი სხვა თანამშრომლების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო გაფიცულთა წინააღმდეგ.
„თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში“, – ეწერა კომპანიის განცხადებაში.
უკვე 8 აგვისტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა დააანონსეს, 9 აგვისტოს კი კომპანიამ დასაქმებულების 1000-ით შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გაფიცვის 33-ე დღეს, 13 აგვისტოს კომპანიის ოთხმა გაფიცულმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. მათგან ერთ-ერთმა მოგვიანებით პირი ამოიკერა. 21 აგვისტოს კომპანიამ თანამშრომლებს განცხადებით მოუწოდა „ნუ შეუქმნიან საკუთარ თავს და ჯანმრთელობას საფრთხეს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, რადგან ამ გზით „ევოლუშენის“ პოზიცია, რომელიც ცხადი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება“. 22 აგვისტოს გაფიცულებს სახალხო დამცველი შეხვდა.
2024 წლის 26 აგვისტოს იმ გაფიცულებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდნენ, განაცხადეს, რომ მზად იყვნენ პროტესტის ეს ფორმა შეეწყვიტათ, თუ გაფიცულები ხელფასს მიიღებდნენ.
ერთი წლის შემდეგ 2025 წლის 5 აპრილს ლაბორმა დაწერა, რომ ევოლუშენში დასაქმებულ 541 პირის ინტერესები დაიცვა და იცავდა სასამართლო და პოლიციის ორგანოებში, სახალხო დამცველთან, სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, აგრეთვე, უშუალოდ დამსაქმებელთან დავისას; “სასამართლო დავებისა და მორიგებების შედეგად დასაქმებულების მიერ მოგებულმა და მიღებულმა თანხებმა 149 186 ლარი შეადგინა”.შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყების მოკვლევის შედეგებიც გასაჯაროვდა 2025 წლის 5 აგვისტოს. ამ ორგანიზაციას 2024 წელს საჩივრით მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაფიცული დასაქმებულებისა და მათი წარმომადგენელი პროფკავშირის – ევო-კავშირის – სახელით. შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყებამ საქმის განხილვის შემდეგ კომპანიას მოუწოდა დასაქმებულებთან დიალოგი დაეწყო და გადაედგა ადეკვატური ნაბიჯები, რათა მშრომელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. “ევოლუშენმა” უარი თქვა დასაქმებულებთან დიალოგზე, რადგან ეს “პროცესი არ მოიტანდა არანაირ შედეგს”.