EN

ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ!

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2014 წლის 6 მარტი-14 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მოქალაქეების უკანონო მიყურადება

ორგანიზატორი

არასამთავრობო ორგანიზაციები

მთავარი მოთხოვნა

საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უკანონო მიყურადება შეზღუდავდა.

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პარლამენტი

ლოზუნგი

“ეს შენ გეხება!”

პროტესტის შედეგი

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ სრულად არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები.

“ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ” იყო ფარული მიყურადების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია.

“ეს შენ გეხება” – ამ სახელწოდების სამოქალაქო კამპანია ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაიმართა, რასაც შედეგად მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებები (ე.წ.  Must carry და must offer-ი წესი დაინერგა), რომელმაც ამომრჩევლებისთვის მედიის უფრო ფართო ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.     ამჯერად კი სამოქალაქო ორგანიზაციები ცდილობდნენ, საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ სახელმწიფოს მიერ ადამიანებისთვის უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკაზე.

2014 წლის 6 მარტს დაწყებული კამპანიის მონაწილენი მოითხოვდნენ პარლამენტში ერთი წლით ადრე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელთა შედეგადაც გაიზრდებოდა საგამოძიებო პროცესში განხორციელებული თვალთვალის კანონიერებაზე მთავრობის კონტროლის შესაძლებლობა. 

„საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს“, – აღნიშნული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იმავეს იმეორებდნენ კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლებში. აქციები იმართებოდა რეგიონებშიც

კამპანიის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ეთვალთვალათ, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, „რითაც გამოირიცხება იმ პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სამართალდამცავების მიერ გამოსაძიებელ დანაშაულთან“. 

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფარული მიყურადება უნდა განხორციელებულიყო მაშინ, თუ ეს აუცილებელი, შესაბამისი და პროპორციული საშუალება იქნებოდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის.

აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეეძლო მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩაეყენებინა სატელეფონო ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები. გარდა ამისა, აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 

2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით. კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილობების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი. ნოემბრამდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა შსს-ს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი და წვდომა 1 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

საზოგადოების წინააღმდეგობისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს მიუხედავად, 2014 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც კვლავაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩა ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებთან პირდაპირი წვდომის მექანიზმი  და დეპუტატების, ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ავტორობით მომზადებული რეგულაციებიც ძალაში შევიდა. 

ამას “ეს შენ გეხებას” გააქტიურება მოჰყვა – კამპანიის ფარგლებში  19 დეკემბერს საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები პლაკატებით ხელში განლაგდნენ პარლამენტიდან ოპერის თეატრამდე და სტვენით გამოხატეს პროტესტი. მათი თქმით, ამ კანონის მეშვეობით შსს-ს კვლავ შეეძლო მოქალაქეებისთვის ფარულად მოსმენა, რისი შემთხვევებიც იყო ორიოდე წლის წინ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, აპირებდნენ მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს საკითხი მართლაც გასაჩივრდა. 2016 წლის 14 აპრილს სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით, მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევდა. სასამართლომ კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ, ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა.

Media

კამპანიის პლაკატები

კამპანიის პლაკატები

ფოტო: ბათუმელები, 2014 წელი

კამპანიის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან

კამპანიის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან

2016 წლის 19 მარტი, ფოტო: გიორგი დიასამიძე, ნეტგაზეთი