2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ 1 სექტემბერს მოეწყო ”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია, რომლის დევიზი იყო: “Stop Russia”. ოფიციალური შეფასებით, მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისსა და სხვა ქალაქებში. ხალხი ერთმანეთის გვერდით იდგა და ქმნიდა უწყვეტ ჯაჭვს. ამ აქციით ხალხი შეეცადა ეჩვენებინა ერთიანობა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
“ხალხი ქუჩებში, მოედნებზე, გზებზე გამოვიდა… შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს ერთიანობის დემონსტრირებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა: არ მეშინია და ვაგრძელებ ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.. ეს იყო ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი აქცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველაზე მძიმე დროს, საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლის დროს..” – ამბობდა რადიო თავისუფლება.
ხალხი თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
“როცა ჩვენი ერთიანობა არის სამაგალითო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ: საქართველო გააგრძელებს ბრძოლას, საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას თავისი ერთიანობისთვის”, – მიმართა შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. “საქართველო, საქართველო” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილენი.