EN

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლების აქცია

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 5 მარტიდან 22 მარტამდე

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება

ლიდერები/ორგანიზატორი

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, გაერთიანებული პროფკავშირი

მთავარი მოთხოვნა

სახელფასო დავალიანების დაფარვა

პროტესტის ადრესატი

ელმავალმშენებელი ქარხნის მფლობელები

პროტესტის შედეგი

სახელფასო დავალიანების დაფარვა დაიწყო

2019 წლის თებერვალში ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა კოლექტიური დავა დაიწყეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორიც დანიშნა, თუმცა მედიაციის პროცესი უშედეგოდ დაიხურა. დამსაქმებელმა უარი განაცხადა, მოლაპარაკება ეწარმოებინა „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან“, რომელიც ამ შრომით დავაში მონაწილე მუშების ინტერესს ახმოვანებდა. დამსაქმებელი მედიაციის პროცესში პროფკავშირთა სხვა ორგანიზაციის, „რკინიგზელთა პროფკავშირის“ ჩართვას ითხოვდა.

მხარეები მოლაპარაკებების მაგიდამდე ვერ მივიდნენ. ამას კი მოჰყვა 5 მარტის საპროტესტო აქცია. ამ დღეს მუშების გვერდით იდგა პროფკავშირების გაერთიანება, მათ შორის კი „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“.

ელმავალმშენებელ ქარხანაში სულ 1200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მათგან უმრავლესობას 3-4 თვის ხელფასი ასაღები ჰქონდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთა მიმართაც 5-6 თვის დავალიანება არსებობდა. საშუალო ხელფასი საწარმოში 600-700 ლარს შეადგენდა. ქარხნის ადმინისტრაცია დავალიანების მიზეზად ასახელებდა მცირე მოცულობის შეკვეთებს და უცხოელი კონტრაქტორის დავალიანებას.

5 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებს წაუკითხა სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ უცხოელი მეპატრონის, კომპანია „logo Trans Company LTD“-ისგან მიღებული წერილი, რომლის თანახმად, სახელფასო დავალიანების დაფარვა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო.

პირობის შეუსრულებლობის გამო, ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქცია 19 მარტიდან განაახლეს და საწარმოს შესასვლელი დაბლოკეს. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან მოითხოვდნენ პირობის შესრულებას და 6 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას.

22 მარტს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, განაცხადა, რომ  დამსაქმებელმა ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების სახელფასო დავალიანების გადახდა დაიწყო. პროფკავშირების თანახმად, ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა, რომლებსაც 22 მარტის დილიდან ქარხნის ადმინისტრაციის შენობა პიკეტირებული ჰქონდათ, შესასვლელი გაათავისუფლეს, რათა “ბუღალტერიას მიეცეს საშუალება, დაიწყოს მუშების სახელფასო ანგარიშებზე ინდივიდუალურად გადარიცხვა”.